ახალი ამბები

მუხთარლი საქართველოს ქვეყანაში არშემოშვების გამო სტრასბურგში უჩივის

10 მარტი, 2021 •
მუხთარლი საქართველოს ქვეყანაში არშემოშვების გამო სტრასბურგში უჩივის

ამჟამად გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მას არ ეძლევა საშუალება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ადგილობრივ პროკურატურას თავადვე აჩვენოს ის გზა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვამდე გაიარა.

ნეტგაზეთთან საუბრისას აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში არ შემოუშვეს, დაირღვა მისი უფლება, ესარგებლა სამართლიანი გამოძიებით. სწორედ ამიტომ, მისმა ადვოკატმა “დაახლოებით ერთი თვის წინ” მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

“იმის გამო, რომ ვერ შემოვედი საქართველოში, ჩამომერთვა უფლება, მესარგებლა სამართლიანი გამოძიებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით, ისევ საქართველოს მიერ ხელმოწერილი კონვენციებით არის განსაზღვრული”, – აცხადებს მუხთარლი.

მისივე თქმით, მისი საქართველოში ფიზიკური ყოფნა აუცილებელია, რადგან თავად უნდა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და აჩვენოს პროკურატურას, თუ სად მოხდა მისი გატაცება. ასევე, აღწეროს ის გზა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრამდე განვლო.

მუხთარლის თქმით, საკუთარ ადვოკატზე დაყრდნობით, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

“მე მოვითხოვე საქართველოში ჩამოსვლა და იმ გზის ჩვენება, რომლითაც აზერბაიჯანისკენ წამიყვანეს. როგორც მსხვერპლმა, მე ეს უნდა გავაკეთო, ეს პროცედურული წესია. როდესაც ციხეში ვიყავი [აზერბაიჯანში], ქართულმა უწყებებმა განმიცხადეს, რომ აზერბაიჯანი არ აძლევდა მათ უფლებას, რომ დავეკითხე. ამჟამად უკვე ერთი წელია, რაც თავისუფალი ვარ და ამასობაში ქართული უწყებები ყველანაირი ხერხებით არ მაძლევენ საშუალებას, საქართველოში ჩავიდე”, – წერს ფეისბუკზე აფგან მუხთარლი.

“ბოლოს არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ჩემი ჩამოსვლა საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში, შექმნიდა პოლიტიკურ დაპირისპრებას. არჩევნები დასრულდა, ახლა რა მიზეზი იქნება შემდეგი [რომ არ შემიშვან].

თუ საქართველოს ხელისუფლება არ იყო თანამონაწილე ჩემს გატაცებაში, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მომცენ ნება ჩავიდე თბილისში, რათა საქმე სათანადოდ გამოიძიონ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მთავრობა ჩართული იყო ჩემს გატაცებაში. ჩემი ქვეყანაში არშეშვების გამო, ჩემმა ადვოკატებმა უკვე გააგზავნეს საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”, – ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.

 


აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას 9 ნოემბერს გერმანიიდან ცდილობდა.

“წესით, ბერლინის დროით 12:20 საათზე უნდა გამოვფრინდე. აეროპორტში “საქართველოს ავიახაზების” წარმომადგენელმა დახედა ჩემს დოკუმენტს, მერე ვიღაცას დაუკავშირდა საქართველოს საკონსულოში და მოგვიანებით მითხრა, დოკუმენტს ვადა აქვს გასულიო. როცა ვაჩვენე, რომ მსგავსი პრობლემა არ მაქვს, მერე მითხრა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს უფლება არ აქვს, გერმანიის ბინადრობის მოწმობით საქართველოში გაემგზავროს. თუმცა იქამდე მე მქონდა კომუნიკაცია თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მითხრეს, რომ ამ დოკუმენტით ჩვეულებრივად ჩამოვიდოდი. გარკვეული განხილვების შემდეგ კი მითხრეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცვლილებებია და ვერ გავფრინდები. ვფიქრობ, უბრალოდ, არ უნდათ, რომ თბილისში ჩამოვიდე”, – აცხადებდა მაშინ ნეტგაზეთთან საუბარში აფგან მუხთარლი.

მოგვიანებით „ჯორჯიან ეარვეისმა“ მუხთარლის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რაკი მუხთარლი აზებრაიჯანის მოქალაქე იყო, აზერბაიჯანი კი კორონავირუსის „მწვანე ზონის ქვეყნების“ სიაში არ შედიოდა, ავიაკომპანიამ მომსახურება ვერ გაუწია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას“, – წერდა იმ დროს ავიაკოამპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი