ახალი ამბები

მიტინგს თავკაცობდა ენმ-ის აქტივისტი — მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილის ინციდენტზე

9 მარტი, 2021 • 1231
მიტინგს თავკაცობდა ენმ-ის აქტივისტი — მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილის ინციდენტზე

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ მარტვილში მრევლის პროტესტს სათავეში ედგა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი.

ვიდეოში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, მიტროპოლიტი ტეფანე კალაიჯიშვილი ამბობს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. შემდგომ, ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, ის დასძენს, რომ მის მიერ ადგილის დატოვება არა უშუალოდ მის, არამედ ეკლესიის მოწინააღმდეგეებს უნდათ.

გუშინ, 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო კრებისას დაპირისპირება მოხდა — მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპილიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

დაპირისპირების დროს აივანზე მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი, მათ შორის, ტელევიზიების თანამშრომლები, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მომხდარს თავად მიტროპოლიტი ასე განამრტავს:

„რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესებით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყვეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება, იქ არც პრესა და ტელევიზია ან მრევლი არ იყო მოსაყვანი, ვინაიდან სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ილაპარაკონ“, — ამბობს ის.

ჟურნალისტებთან საუბარში ის დასძენს, რომ კრება გაცნობითი ხასიათის იყო და მოხდა „გარკვეული სულიერი საკითხების განხილვა, მათ შორის, იმ საკითხების, რომლებიც აინტერესებდა ზოგიერთ ადამიანს“.

„მაგრამ თურმე ისინი მრევლს ამოეფარნენ. მრევლიც არ იყო, მე გავიგე, ქუთაისელები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილან და ერთ-ერთი, ძველი პარტიული აქტივის საკრებულოს თავმდჯომარე თავკაცობდა მიტინგს, რომელიც მოაწყვეს. თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რაიმე უნდა გადაწყდეს“, — ამბობს ის და დასძენს, რომ კარს გარედან და შიგნიდან ჯაჯგური მას შემდეგ დაუწყეს, რაც მან კითხვებზე პასუხების გაცემა დაიწყო.

„რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების, ასე ვთქვათ, ნაშიერები, რამდენიმე კაცი იყო, რომელიც აქეთა მხრიდანაც ცდილობდნენ გაენგრიათ. ისინი საჩხუბრად იყვნენ მოსული, ჩვენ დავიწყეთ გალობა და ჩავუგდეთ ეს სპეცოპერცაცია, რომელშიც მონაწილეობდა უამრავი საინფორმაციო საშუალება, იმიტომ, რომ იმათ დაუძახეს თავისი სპეცოპერაციის გასაფორმებლად“, — აცხადებს მიტროპოლიტი.

ჟურნალისტებთან საუბრის ბოლოს მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უკვე შეხვდა მრევლის დიდ ნაწილს და იმედი აქვს, ჭყონდიდის ეპარქიაში სკანდალები მალე დამთავრდება.


როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მოაჯირის მონგრევამდე მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

შეჭრა და „ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა“ – საპატრიარქო მარტვილის ინციდენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი