ახალი ამბები

შეჭრა და „ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა“ – საპატრიარქო მარტვილის ინციდენტზე

8 მარტი, 2021 • 1460
შეჭრა და „ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა“ – საპატრიარქო მარტვილის ინციდენტზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მარტვილში დღეს მომხდარი ინციდენტი შეჭრის მცდელობა იყო და მას გამართლება არ აქვს.

„ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე დროში არ ახსოვს.

ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს, ეს არის ეკლესიის ფეხვქვეში გათელვა“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე და ამატებს: “ხვალ დაწვრილებით მოგაწვდით კადრებს“.

დღეს, 8 მარტს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მათ შორის დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპილიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, ყოველგვარი შეჭრა უნებართვო არის შეჭრა.

თქვენ ჯერ მიპასუხეთ, რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურლ სივრცეში მიმდინარეობს კრება. ეს არის საკუთრება, რომელშიც ნებართვის გარეშე შესვლის უფლება არ აქვს, კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით. ვუცხადებ სრულ მხარდამჭერას მეუფე სტეფანეს, ბევრი მღვდელმთავრის სახელით ვამბობ ამას“ ,- განმარტავს ჯაღმაიძე.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე ის ამბობს, რომ მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას.

„ვწუხვარ, რომ მოხდა ინციდენტი და ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თუმცა ეს ერთი მხარეა.

სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა…იყო ხმამაღალი საუბარი..

ძალიან სამწუხაროა… ერთი შუშა ყოფს აივანსა და კრების დარბაზს. იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები“, – აცხადებს ჯაღმაიძე.


როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მოაჯირის ჩამოვარდნამდე მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა, გარეთ კი შეკრებილი იყვნენ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

“ხმაური გამოდიოდა სხდომიდან, შევეცადეთ კართან ახლოს მივსულიყავით. შიგნით უკვე ხელჩართული ჩხუბი იყო, რაც მე ვნახე. რამდენიმე სასულიერო პირი შეეცადა, დაეტოვებინა შიდა ტერიტორია. კარი რომ გაიღო, მოგვაწვნენ და მოინგრა ხის მოაჯირი”, – ამბობს “ტვ პირველის” ჟურნალისტი პაპუნა შუშანია.

მოგვიანებით “ევექსის” კლინიკაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათთან 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 1 დამატებით კვლვებს საჭიროებს და მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. 5 პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია და მათი გამოკვლევები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი