ნეტგაზეთი | ცხინვალში არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი მოსახლეობის უფლებებიც ირღვევა – DRI ჯაბიევის საქმეზე ცხინვალში არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი მოსახლეობის უფლებებიც ირღვევა – DRI ჯაბიევის საქმეზე – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალში არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი მოსახლეობის უფლებებიც ირღვევა – DRI ჯაბიევის საქმეზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გასულ წელს ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის პარალელურად, მმართველი დე ფაქტო მთავრობის მიერ ირღვევა ოსი მოსახლეობის უფლებებიც.

“ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებებიც ირღვევა და ეს პრობლემა წლიდან-წლამდე ღრმავდება. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. თუმცა აშკარაა, რომ თბილისს ამ მხრივ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედი გახადოს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დაცვა და ადვოკატირება პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ოსების, აფხაზების, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების, უფლებების დაცვა და ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს”, – აცხადებს ორგანიზაცია.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ.


28 წლის ინალ ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო დემონსტრაცია და დე ფაქტო პრემიერისა გადადგომა და მთავრობის დათხოვნა მოჰყვა.

28 წლის ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მანქანის დაცხრილვაში.

აღნიშნული საქმის გამო, ოსური ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებდნენ დე ფაქტო პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც ვერ მოხერხდა 2021 წლის ბიუჯეტის მიღება. საბოლოოდ, 11 წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბიუჯეტი რუსული ნორმატიული აქტის გამოყენებით მოხერხდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com