ახალი ამბები

DRI: ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს“ ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს

1 ივნისი, 2022 • 648
DRI: ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს“ ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი პასუხობს  ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფის, „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ მახარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და აცხადებს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს.

26 მაისს ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს” ეთერში სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდს” არ მისცენ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა.

მისი განცხადებით, „პრაიდის” ჩატარების შემთხვევაში, „ალტ-ინფო“  ხალხის გარეთ გამოსვლის ორგანიზებას მოახდენს, რის გამოც ექსცესებმა შეიძლება მიიღოს არაკონტროლირებადი სახე – „ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს.”

„ლგბტქ+ პირების შეკრებისა და მანიფესტაციისა და თანასწორობის უფლების რეალიზაციის სახელმწიფო საფრთხედ აღქმა ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მიუხედავად ამისა, დაახლოებით ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 ივლისს, სახელმწიფო სტრუქტურებმა პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფებას და მის თანამზრახველებს ძალადობრივი პროცესის მართვის შესაძლებლობა მისცეს და უარი თქვეს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე“, – აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

ინტიტუტის თანახმად, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა მათ ძალადობრივი მოვლენების მდუმარე თანამონაწილედ ხდის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია;
  • გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად;
  • უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირების დაკავება.

2021 წლის 5 ივლისს ზურაბ მახარაძე, „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ სხვა ლიდერებთან ერთად, ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, რის შედეგადაც 53-მდე ჟურნალისტი და მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შემდეგ, 11 ივლისს გარდაიცვალა. ზურაბ მახარაძე უშუალოდ უწევდა ორგანიზებას საქართველოს პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი