საზოგადოება

“ოჯახს არ აქვს განცდა, რომ სახელმწიფო რამეს აკეთებს” – ირაკლი ბებუას დაპატიმრებიდან 3 წელზე მეტი გავიდა

10 ნოემბერი, 2023 • 1032
“ოჯახს არ აქვს განცდა, რომ სახელმწიფო რამეს აკეთებს” – ირაკლი ბებუას დაპატიმრებიდან 3 წელზე მეტი გავიდა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად სახელმწიფო არასაკმარის ძალისხმევას სწევს. ორგანიზაციამ ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა შესაბამის უწყებებს, ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

“1135 დღე არის გასული და საქართველოს მოქალაქე კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არის ჩავარდნილი ამ მიმართულებით”, –  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, DRI-ს დამფუძნებელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა.

ნანუაშვილის თქმით, ოჯახის არ აქვს განცდა, რომ სახელმწიფო რამეს აკეთებს ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.

“ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბებუას ოჯახის ინფორმაციით, ბოლო ორი თვეა მას ძალიან სტკივა თავი, ხერხემალი და კუჭი, რასაც ემატება დეპრესია.


ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.

დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბებუას ოჯახის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის დასახსნელად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი