არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) შეფასებით, „ქართული ოცნების“ გეგმა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, – რაც სახელმწიფოს დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნას უკავშირდება, – ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია გულისხმობს „უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად“:
„განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე“.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ გასულ ზაფხულში თავისი გეგმა წარადგინა, სადაც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით წერია:
„სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“.
DRI-ის შეფასებით, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული „ოცნების“ გეგმის ნაწილი „განსაკუთრებული ბუნდოვანებით“ გამოირჩეოდა: „ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არც გეგმის შესრულების კონკრეტული ვადები დაუსახელებია და არც რაიმე კონკრეტული მოქმედებები, „შესაბამის საქმეებზე“ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების გარდა“.
„ქართულ ოცნებას არ გაუწევია ძალისხმევა, შეეცვალა მდგომარეობა მედიადამოუკიდებლობის მიმართულებით. პირიქით, 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის სასჯელის დამძიმებამ დამატებითი კითხვები გააჩინა. ნიკა გვარამიას საქმე ნახსენებია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც მკაცრადაა გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებითაც, რასაც ჟურნალისტების დაზარალება მოჰყვა“, – აცხადებს DRI.
DRI ასევე იხსენებს, რომ ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციას წინ უსწრებდა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუცია საქართველოში მედიათავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, სადაც „უმკაცრესადაა შეფასებული საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა“.
ორგანიზაცია ციტირებს რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას სასჯელი; საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების გამოყენება უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ასევე:
- „საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ;
- რეზოლუციაში მითითებულია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლოვანებაზე, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, სადაც ძალადობრივი თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა;
- რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ევროპის საბჭომ და დემოკრატიულმა პარტნიორებმა უნდა განიხილონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა მთავრობაში მისი გავლენების გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“.
DRI-ის განცხადებით, იმის შესაფასებლად, რამდენად შესრულდა ევროკომისიის მე-7 რეკომენდაცია, ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება, შეესაბამებოდა თუ არა მედიამფლობელებისა და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმეები ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს: „ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი არ ჰქონია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.