ახალი ამბები

თელავის თეატრმა პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობა ალტ-ინფოს შეხვედრისთვის სივრცე დაუთმო — DRI

30 ოქტომბერი, 2023 • 1058
თელავის თეატრმა პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობა ალტ-ინფოს შეხვედრისთვის სივრცე დაუთმო — DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა შეხვედრის ჩასატარებლად სივრცე დაუთმო პრორუსულ მოძრაობა ალიტ-ინფოს, რომელიც არაერთი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორია. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილია.

“მას [პაატა გულიაშვილის] 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

თელავის თეატრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მსგავსი შეხვედრებისთვის სივრცეს, ჩვეულებრივ, იჯარით გასცემენ. ამ კონკრეტული შეხვედრისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი სამხატვრო ხელმძღვანელთან, პაატა გულიაშვილთან გადაგვამისამართეს. გულიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ალტ-ინფო რეგიონებში შეხვედრებს ე.წ. ანტიმაიდნის კამპანიის ფარგლებში ატარებს. “ანტიმაიდანი” პრორუსულმა მოძრაობამ მას შემდეგ დააანონსა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

DRI-ის ინფორმაციით, ალტ-ინფომ შეხვედრების ჩატარება 1 ოქტომბერს თელავიდან დაიწყო და უკვე შეხვდნენ რუსთავის, გორისა და მცხეთის მოსახლეობას. შეხვედრებზე ძალადობრივი აქციებისა ორგანიზატორები მოქალაქეებს ორგანიზებული მოქმედებისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, “ანტიმაიდნის” გამოცხადებისთანავე ფიზიკურად ჩაერთონ მოძრაობაში. შეხვედრებზე პრორუსული მოძრაობის ლიდერების რიტორიკა აგრესიისა და დაპირისპირების წამახალისებელია.

DRI მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და უარი თქვას მათთვის სამუშაო სივრცის დათმობაზე. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები. ზოგადად, “ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი