ახალი ამბები

გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება – კუჭავა ჩანაწერებზე

8 მარტი, 2021 • 807
გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება – კუჭავა ჩანაწერებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა „ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმაზე, თუ როდის იყო მიყურადება.

რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას კუჭავა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში „ვერ ნახავთ ვერავის, ვინც შეიძლება მოიწონოს მიყურადება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იწყება გამოძიება, ის პასუხობს:

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა – ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, გამოძიება დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება, ვინ იყო  და, რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯოს. თუ მოხდა ამის საბოლოოდ მიყვანა..

სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა გამოძიება დაწყებულა, მაგრამ უჭირთ გასვლა, ვინც აკეთებს ამას. აუცილებელია, რომ დადგინეს სიმართლე, როდის მოხდა ეს მიყურადება –  ჩვენ ვიცით, როდის მოხდა, მაგრამ უნდა დადგინდეს“, – ამბობს კახა კუჭავა.

მისივე თქმით, მან ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილთან და „ვიცით, რომ ეს არის ძველი საუბარი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“.

„არ შეიძლება „დადებოდა ერთმანეთს“ და მომხდარიყო ფაბრიკაცია? მე შინაარსში არ ვაპირებ შესვლას“, – ამატებს ის, შემდეგ კი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

“ქართული ოცნების” განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში. მმართველი პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი