ახალი ამბები

მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილმა განაპირობა ჩანაწერების გამოქვეყნება – ქართული ოცნება

7 მარტი, 2021 • 924
მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილმა განაპირობა ჩანაწერების გამოქვეყნება – ქართული ოცნება

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” სოციალური ქსელის მეშვეობით პირველ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, მას შემდეგ, რაც “ტვ პირველმა” ჩანაწერები გაავრცელა, სადაც, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი მონაწილეობენ.

პარტიის განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში.

“გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ოცნებაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

“ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ”, – წერია განცხადებაში.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.

ნეტგაზეთმა პროკურატურას მიმართა კითხვით, აღნიშნულ ჩანაწერებზე დაიწყო თუ არა გამოძიება. აღნიშნულ თემაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი