სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. აუდიტმა არსებული ხარვეზები გამოავლინა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტენდერის ჩატარების კუთხით.
აუდიტის ანგარიშში მოხვდა 2018-2019 წლებში ახალციხის მერიის გამოცხადებული 4 ტენდერი, რომელიც ვალესა და სოფლებში შემავალი საავტომობილო გზების შეკეთებას (მოვლა-შენახვას) ითვალისწინებდა. ოთხივე ტენდერის სამუშაოებში მერიამ 718 ათასამდე ლარი გადაიხადა.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ტენდერები წარიმართა უკონკურენტოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით. მაკონტროლებლის ინფორმაციით, გზების მოვლა-შენახვის ტენდერებში მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც განაპირობებდა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის უპირობო გამარჯვებას.
“აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ხარჯთაღრიცხვებში მითითებული იყო რამდენიმე სამუშაოს შესრულება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანა-მექანიზმებით. ეს ტექნიკა, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტს თხოვების ფორმით, რამდენიმე თვის ვადით გადაცემული ჰქონდა შპს “კეთილმოწყობისთვის”.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ტენდერები, პრაქტიკულად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს “კეთილმოწყობის” უპირობო გამარჯვებას”, — წერია აუდიტის ანგარიშში.
ამას გარდა, აუდიტის სამსახური წერს, რომ ტენდერის გამოცხადების წინ ახალციხის მუნიციპალიტეტმა ბაზარი არ შეისწავლა, შედეგად, მერიამ ზოგიერთ სამუშაოში საბაზრო ღირებულებასთან შედარებით თითქმის 30%-ით მეტი გადაიხადა. აუდიტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ შპს “კეთილმოწყობის” ქვეკონტრაქტორი კომპანიის მფლობელი, რომელიც ამ ტენდერის ფარგლებში მისთვის სამუშაოებს ასრულებდა, ახალციხის მერი იყო.
“2018 წელს მერიამ შპს „კეთილმოწყობისგან“ 5865 კუბ. მ ინერტული მასალის ტრანსპორტირება და გაშლა შეისყიდა 120.4 ათას ლარად. აღნიშნული მომსახურებისათვის შპს „კეთილმოწყობას“ არ გააჩნდა საჭირო ტექნიკა, რისთვისაც იგი აცხადებდა ტენდერებს. მუნიციპალური შპს აღნიშნული მასალის ტრანსპორტირებას ყიდულობდა შპს „მელიზასგან“, რომელსაც 2018 წელს გადაუხადა 45.2 ათასი ლარი. დანარჩენ სამუშაოს (ხრეშის გაშლა) ახორციელებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერით, რისი ზუსტი ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა.
მსგავსი სახის სამუშაოს ღირებულების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საგზაო სამუშაოების სხვა ტენდერები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ინერტული მასალის ტრანსპორტირება-გაშლაში მერიამ გადაიხადა 66.2 ლარით მეტი.
2018 წელს მუნიციპალიტეტმა გზების მოხრეშვის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა 263.5 ათასი ლარით, ხოლო შესწავლით გამოვლინდა, რომ მისი საბაზრო ღირებულება იყო, სავარაუდოდ, 28.5 %-ით ნაკლები. აღსანიშნავია, რომ შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა შპს „მელიზა“, რომლის მფლობელი და 100%-ანი წილის მესაკუთრე 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება”, — წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის სამსახურის ცნობითვე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო წერილობით დაედასტურებინა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვების პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირ ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
ანგარიშში მოხვდა კიდევ ერთი ტენდერი, სადაც გზების პროექტის გარდა ერთდაერთი მონაწილე კომპანია ისევ შპს „კეთილმოწყობა” იყო. აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტს გარე განათების ქსელის მოწყობა საბაზროზე 40 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.
“ფორმალურ ხასიათს ატარებდა გარე განათების ქსელის მომსახურების შესყიდვის ტენდერებიც, რომლებიც მიმდინარეობდა ერთი პრეტენდენტის – შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით. აღნიშნული შესყიდვის ხარჯთაღრიცხვები, პრეისკურანტის ფასები შედგენილია მერიის სამსახურის მიერ. 2018-2019 წლებში მერიამ გარე განათების მომსახურება შპს „კეთილმოწყობისგან“ შეისყიდა 280 ათას ლარად, რაც 40.6 ათასი ლარით აღემატება შპს „კეთილმოწყობის“ მიერ გარე განათებისათვის საჭირო ნათურების და სხვადასხვა მოწყობილობისათვის გადახდილ თანხას”.
აუდიტის სამსახური მომზადებულ ანგარიშში ასევე წერს მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტს იჯარით გაცემული აქვს არასასოფლო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება საბაზრო ფასთან შედარებით დაბალია. აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა არაპროდუქტიულად ხორციელდება, რის გამოც ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 232 ათას ლარზე მეტს კარგავს.
“2018-2019 წლებში მოქმედი სამი საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, მერიას გაქირავებული ჰქონდა 934 კვ. მ. ფართი, წლიური საიჯარო ღირებულებით 19.5 ათასი ლარი. ხელშეკრულებების თანახმად, ერთი კვ. მ. ფართის წლიური საიჯარო ღირებულება განისაზღვრა 14.6 ლარიდან 33.7 ლარამდე. შესწავლით გამოვლინდა, რომ ამ ზონაში ერთი კვ. მ კომერციული ფართის წლიური საიჯარო ღირებულება მერყეობდა 270-დან 637 ლარამდე. მაშასადამე, მოცემული ფართის მინიმალური ფასით გაქირავების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებდა წლიურად, სავარაუდოდ, 232 ათას ლარზე მეტ შემოსავალს”, — წერია ანგარიშში.
ნეტგაზეთი ახალციხის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გავუგზავნეთ მას საკითხები, რაზეც მერისგან პასუხის მიღება გვსურდა, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.