ახალი ამბები

სახელმწიფო ხედვიდან გამოტოვებული უსახლკაროები პანდემიისას – OSGF-ის შეფასება

5 მარტი, 2021 • 1271
სახელმწიფო ხედვიდან გამოტოვებული უსახლკაროები პანდემიისას – OSGF-ის შეფასება

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ პანდემიის დროს უსახლკაროთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას აფასებს.

შეფასებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში უსახლკარო ადამიანებმა ვერ შეიძინეს აქტუალობა და ადგილი სახელმწიფოს სოციალურ სისტემაში.

ორგანიზაცია აღნიშნულ პოლიტიკასა და მის ხარვეზიანობას რამდენიმე ნაწილად ყოფს:

უსახლკარობა დახმარების მიღების კრიტერიუმებს შორის ვერ მოხვდა

„მიუხედავად პანდემიის პირობებში საცხოვრისის უზრუნველყოფის ცხადი აუცილებლობისა, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების პროგრამაში დახმარების მიღების კრიტერიუმად არ განსაზღვრულა უსახლკარობა. წლების განმავლობაში სახელმწიფო ვერ ხედავს უსახლკარო ჯგუფების მრავალფეროვნებას და ინდივიდუალურად არ სწავლობს მათ საჭიროებებს. აღნიშნული მიდგომა ვერ შეცვალა ვერც პანდემიამ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად იმისა, სხვადასხვა ჯგუფს სახლემწიფომ გამოუყო გარკვეული ფულადი დახმარება, უშუალოდ უსახლკაროებს ეს პროგრამა არ ეხებოდა.

პანდემიის პერიოდში არ მომხდარა უსახლკარო პირთა აღრიცხვა და სტატისტიკის შედგენა

ცალკე პრობლემად „ღია საზოგადოება – საქართველო“ გამოყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ აღრიცხულა და არ შემდგარა უსახლკარო პირთა სტატისტიკა.

„არსებული მუნიციპალიტეტების მხოლოდ ნაწილი აწარმოებს საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა სტატისტიკას, თუმცა არც ამ სიების ინტეგრირება ხდება საერთო ეროვნულ ფორმატში. სტატისტიკისა და ელექტრონული აღრიცხვის აუცილებლობა კი უფრო მკაფიო და ცხადი გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც დახმარების მიმღებთა სიების გენერირება და დახმარებათა ადმინისტრირება სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სახელმწიფო ელექტრონული ბაზების მეშვეობით განხორციელდა.“

ორგანიზაცია წერს, რომ  უსახლკარო პირთა მოძიება, აღრიცხვა, ერთიანი ბაზის შექმნა და სერვისების ამ ბაზაში მოხვედრილ მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგება არ ყოფილა ამ პროცესის ნაწილი. შესაბამისად, უამრავი მოქალაქე პანდემიის პერიოდში ისეთი სერვისების მიღმა დარჩა, როგორიცაა უსაფრთხო სივრცე პანდემიის განმავლობაში იზოლაციისათვის, სანიტარულ-ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილება, წამლებსა და პრევენციულ სამედიცინო ინვენტარზე ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და სხვა.

„ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის პირობებში მიმართვიანობის რიცხვი – არასამთავრობო სექტორისა და დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის უსახლკარობის მასშტაბის შეფასების ერთადერთი წყარო- მომავალში ვეღარ გამოკვეთს უსახლკარობის მასშტაბის ბუნდოვან სურათსაც კი“, – ნათქვამია შეფასების დოკუმენტში.

პანდემიის პერიოდში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა უსახლკარო პირთა დასახმარებლად გასაწევ აქტივობებზე არ განხორციელებულა

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ უსახლკარობის საკითხზე კოორდინირებული ჩარჩოს შექმნა არაერთხელ დადასტურდა კვლევით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, კანონმდებლობის შესაბამისად, უსახლკაროებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიანდობს, რაც მათ მძიმე ტვრითად აწვება და ვერ უზრუნველყოფს პრობლემასთან ღირსეულ გამკლავებას.

მუნიციპალიტეტებმა პანდემიის პირობებში დახმარება მხოლოდ თავშესაფრების და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს გაუწიეს

ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის ნაკლებობის, შეზღუდული ბიუჯეტებისა და სტატისტიკის არარსებობის პირობებში მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული დახმარებები გადანაწილდა მხოლოდ ღამის გასათევ თავშესაფრებში და სოციალური საცხოვრისში მცხოვრებელ უსახლკარო პირებზე. შესაბამისად, როგორც ორგანიზაცია წერს,  ასეთი ბენეფიციარების რაოდენობა ძალიან მცირეა.

ფოტო: სქრინი osgf-ს დოკუმენტიდან

 

„აღსანიშნავია ისიც, რომ ღამის გასათევი თავშესაფრები და სოციალური საცხოვრისები ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს, შესაბამისად, ცხადია, რომ ქვეყნის მასშტაბით არაერთი უსახლკარო პირი დარჩა დახმარებებს მიღმა. გარდა ამისა, გაწეული დახმარებები არ არის საკმარისი და ძალიან მცირეა.

სამი მუნიციპალიტეტიდან მოძიებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ არ მომხდარა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად დამატებითი თანხების მოძიება და სპეციალიზებული პროგრამების შექმნა“, – ამბობს ორგანიზაცია.

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი