ახალი ამბები

“მიკვირის, პოლიცია დგას მათგან 3 მეტრში” – დეპუტატი შეძახილებს „მონა“ აკრიტიკებს

5 მარტი, 2021 • 889
“მიკვირის, პოლიცია დგას მათგან 3 მეტრში” – დეპუტატი შეძახილებს „მონა“ აკრიტიკებს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი, დავით ზილფიმიანი აკრიტიკებს იმ აქტივისტებს, ვინც პარლამენტთან იკრიბება და შენობაში შემსვლელებს ხვდება შეძახილებით: „მონა!“.

დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში შს მინისტრს – ვახტანგ გომელაურს უსმენენ. სწორედ ამ დროს ზილფიმიანმა ჰკითხა გომელაურს, თავად რას ფიქრობდა პროტესტის ამ ფორმაზე. ზილფიმიანი ასე აყალიბებს თავის კითხვას:

„მეგობრებო, ახლა ყველამ შეგვიძლია ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ნებისმიერი ჩვენგანი გავიდეს ერთი წუთით „ბალკონზე“, მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, შეძახილებს – პროვოკაციებს.

მოკლედ, ეს არის პროვოკაცია, რომ უპასუხოთ. ამ წუთშიც შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს. ერთი საკითხია, რომ ისინი არიან სახე დღევანდელი „ნაცმოძრაობის კონგლომერატის“.  მეორე მხრივ, ისინი განასახიერებენ სრულად გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდ ნაწილს პიროვნულად პატივს ვცემ. მაინტერესებს, აქ რომ შემოვლენ, როგორ ახსნიან, რომ ისინი მათი სახეებიც არიან. ან რატომ არ ხდება ეს…

რაც შეეხება მათ შეძახილებს მონობასთან დაკავშირებით. გასაგებია, ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებსაც ასრულებს და, მით უმეტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ ესენი ყველანი და ფულსაც იღებენ. ამიტომ მონები სხვაგან მოიკითხონ. მე ძალიან მიკვირის, რომ პოლიციის მანქანები დგანან მათგან 3 მეტრში და არც არაფერი…

მე არ ვითხოვ დასჯას, სწორად გამიგეთ. ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად გიწევთ აჰყვეთ პოლიტიკურ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში, მსგავსი რამ მინიმალურად შენიშვნის მიცემა მაინც მომხდარიყო..

მაგრამ ამ სიტუაციაში ეს პოლიტიზირებული თემაა და თქვენი თანამშრომლები არაფერს აკეთებენ. მე როგორც პატრიოტსა და ამ ქვეყნის მინისტრს გეკითხებით, როგორ უყურებთ ამ თემას? მექანიკურად რომ არ ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს კანონის მიხედვით, არამედ ვცვლიდეთ, ვარბილებდეთ და ა.შ. თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირები ძალიან მაინტერესებს”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

მიმდინარე პოლიტიკური პროტესტების დროს მოქალაქეები ხშირად იკრიბებიან და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შემავალ მანქანებს შეძახილებით ხვდებიან. ასე მოხდა 2 მარტსაც, რა დროსაც აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი