ახალი ამბები

ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვისაც საჭიროა მთავრობის და ოპოზიციის კონსტრუქციულობა – ხელაშვილი

4 მარტი, 2021 • 644
ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვისაც საჭიროა მთავრობის და ოპოზიციის კონსტრუქციულობა – ხელაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა ოპოზიციისა და მთავრობის მოლაპარაკებები ტანგოს ცეკვას შეადარა და განაცხადა, რომ პროგრესისთვის ორი მხარეა საჭირო. ამის შესახებ ხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როგორც ამბობენ ხოლმე, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციოლობა. თქვენ ნახეთ, რომ პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპრაკება [შარლ მიშელის მედიაციით] დასრულდა, რა ხდებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც ხდებოდა პარლამენტის გარეთ, ნებისმიერი შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო ძალიან მსგავსი იმისი, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს”, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, მუდმივად არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა სურს, თუ რეალურად უნდა შედეგის მიღწევა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის პირველ მარტს შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ისინი 6-პუნქტიან დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც სამომავლოდ დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილონ.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთან ექნებოდა კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდნენ შემდგომ ნაბიჯებზე.

აღნიშნულ შეხვედრამდე ოპოზიციას სხვადასხვა დღეს სამთავრობო დაწესებულებების პიკეტი და აქციები ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც 2 მარტს უნდა დაწყებულიყო.

ოპოზიციამ 2 მარტს მართლაც მოაწყო პარლამენტთან აქცია, რა დროსაც 7 აქტივისტი დააკავეს.

გუშინ, 3 მარტს კი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აქციების ნაწილს აუქმებდნენ, ნაწილის ფორმატს კი ცვლიდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციები გადავადდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთანხმებისთვის დასახელებული 2-კვირიანი ვადით.

მიშელის საქართველოდან წასვლიდან მეორე დღესვე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია და ეს საკითხი არ განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი