დღეს, 8 მაისს, ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდნენ, რომელიც თბილისში ვიზით იმყოფება.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების წარმომადგენლები, ასევე „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წევრები.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ამიტომ შეერთებული შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომელსაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული. მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ. იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოში, მათ შორის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით, არის საქართველოსთვის ასევე უსაფრთხოების თემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებები აშშ-თან დალაგების შესახებ ტყუილია, რადგან ამ დაპირებების პარალელურად მმართველი პარტია ანტიამერიკულ პროპაგანდას აგრძელებს.

„საუბარი იყო ყველაფერზე. ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. როგორც წესი, როცა ადამიანები ასეთ შეხვედრებზე მოდიან, ისინი მომზადებული არიან და რომ გითხრათ, რაიმე ისეთი სიახლე ვუთხარით, რაც გაგონილი არ ჰქონდათ – არა. ცხადია, მომზადებულები იყვნენ…

საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს „ოცნება“ დალაგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ტყუილები და სისულელე და ამის პარალელურად ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა მიმდინარეობს, რომელიც მოდის კონკრეტულად „ქართული ოცნებისგან“.

იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილად, ჭეშმარიტი, კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება, როცა რეჟიმი შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებთან საუბრის ერთ-ერთი თემა კანონის უზენაესობა იყო.

„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ორი რამ – ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლის ქცევა შეესაბამებოდეს ხალხის მისწრაფებებს, რაც აუცილებელი მდგენელია სტაბილურობისთვის და, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე 1 დღით ადრე, შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა ირაკლი კობახიძე.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში“, – ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.