ახალი ამბები

ოპოზიციის აქციების ნაწილი გადაიდო, ნაწილის ფორმატი შეიცვალა

3 მარტი, 2021 • 706
ოპოზიციის აქციების ნაწილი გადაიდო, ნაწილის ფორმატი შეიცვალა

ოპოზიციამ ერთობლივ ფორმატში დაანონსებული საპროტესტო აქციები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას ითვალისწინებდა, გადადო.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციები გადავადდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთანხმებისთვის დასახელებული 2-კვირიანი ვადით.

“იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი მიზეზი, ჩაშალოს მოლაპარაკება, მივიღეთ გადაწყვეტილება, წინააღმდეგობის არაძალადობრივი აქციები გადავდოთ, ვიდრე მოლაპარაკების ვადა არ დასრულდება”, — განაცხადა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სპეციფიკური მდგომარეობა, გამომდინარე მისი ლიდერის პატიმრობიდან, ამიტომ ენმ მოდიფიცირებული ფორმით გამართავს რიგ საპროტესტო აქტივობებს.

ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები ოპოზიციის საერთო ფორმატში, ამიტომ ხვალ, 5 მარტს კანცელარიასთან დაგეგმილი პიკეტირების ნაცვლად, მანქანებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება რუსთავისკენ. ხოლო 13 მარტს საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქციების მოდიფიკაციის მიზანია, პოლიციელებთან ფიზიკური კონტაქტი გამოირიცხოს.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი