ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ არ ასაჯაროებს ნამახვანი ჰესზე მნიშვნელოვან ინფორმაციას სახელმწიფო უწყება

4 მარტი, 2021 • 1530
რატომ არ ასაჯაროებს ნამახვანი ჰესზე მნიშვნელოვან ინფორმაციას სახელმწიფო უწყება

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტრსსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება? – ამ კითხვით „ნეტგაზეთმა“ 10 თებერვალს მიმართა ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

26 დღეა სააგენტოს წარმომადგენელი ყოველდღიურ რეჟიმში გვპასუხობს, რომ „წერილი მზადდება და მოგვაწვდიან“. 4 მარტის მდგომარეობით, „ნეტგაზეთს“ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მიუღია.

რა ხდება?

რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, დატოვოს ხეობა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“,  გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC-მ 10 თებერვალს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა.

„ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 21 სექტემბრიდან ქვემო ნამახვანის ჰესზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ნეტგაზეთისთვის მოწერილ წერილში „ენკა რინიუებლზის“ წარმომადგენელი კი წერს, რომ მათ მიერ რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე  მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულება, კანონიერია.

„კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე, ხორციელდება.

2020 წლის 10 ნოემბერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად (თანდართული დოკუმენტი), სააგენტოს 13.10.2020 წლის Nმ-429 ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა ქვედა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დადგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში.

აღნიშნული სამუშაოები სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვა №60-04-ის ფარგლებში ხორციელდება“, – ასეთია „ენკა რინიუებლზის“ ოფიციალური განმარტება სამუშაოების კანონიერად წარმოების შესახებ.

აქვს თუ არა „ენკა რინიუებლზს“ ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების უფლება რიონის ხეობაში?

EMC მიიჩნევს, რომ „ენკა რინიუებლზს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა.

კომპანია „ენკა რინიუებლზს“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს მისცა ნებართვა, რომლის ბრძანების „ბ“ ქვეპუნქტითაც, კომპანიას შეეძლო ეწარმოებინა ჰესის მშენებლობისათვის საჭირო წინასწარი მოსამზადებელი და  მიწის სამუშაოები.

ფოტო: სქრინი 2020 წლის 22 აპრილს გამოცემული ბრძანებიდან

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 21 სექტემბერს გამოსცა ახალი ბრძანება, რომლითაც ცვლილება შეიტანა 22 აპრილს გამოცემულ ბრძანებაში.

ფოტო: სქრინი 2020 წლის 21 სექტემბერს გამოცემული ბრძანებიდან

“ენკა რინიუებლზი” ამტკიცებს, რომ ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე, ხორციელდება. ამის დასტურად კომპანიამ “ნეტგაზეთს” მოაწოდა და ასევე საჯაროდ გამოაქვეყნა მიმოწერა, პროექტის მენეჯერს, ბარან ოზგენსა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს, გიორგი გეჯაძეს შორის.

ფოტო: სქრინი დოკუმენტიდან, რომელიც „ენკა რინიუებლზმა“ მოგვაწოდა

EMC-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, ბრძანებაში შესული ცვლილებით „ენკა რინიუებლზს“ ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების წარმოების  უფლება აღარ აქვს.

„კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აქვეყნებს არა ნებართვას, რომელშიც  ცხადად იკითხება, რომ ისინი სანებართვო პირობებში აღარ არიან, არამედ ის აქვეყნებს მიმოწერას სააგენტოსთან და ასაღებს ამას როგორც ნებართვას. ასაღებს  როგორც საფუძვლად მათ მიერ მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების. წერილი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, ეს არის მიმოწერა კომპანიასა და სააგენტოს შორის არა ნებართვის ფარგლების თაობაზე, არამედ სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების თაობაზე. ეს არის წერილი, ინფორმაციის გამოთხოვაზე პასუხი და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნებართვა. რა თქმა უნდა, ვერც ეს წერილი და ვერც მასზე მიღებული პასუხი სააგენტოსგან ნებართვის პირობებს არ განსაზღვრავს“, –  განმარტავს ლინა ღვინიანიძე.

ლინა ღვინიანიძის თქმით, წერილიდან ირკვევა, რომ სააგენტომ ოქტომბერში განახორციელა ინსპექტირება, შემდგომ კი „ენკა რინიუებლზმა“ გამოითხოვა ინფორმაცია სააგენტოდან.

„სააგენტომ ოქტომბერში განახორციელა ინსპექტირება ნამდვილად რიონის ხეობაში და მან ნებართვის პირობების საწინააღმდეგოდ დაადგინა, რომ კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს და ეს ნებართვის ფარგლებში ჯდება. ეს არის სააგენტოს არასწორი განმარტება და არასწორი ინსპექტირება, ჩვენი აზრით, და ამაზე განცხადებაშიც ვუთითებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ სექტემბრის შემდეგ უკვე სააგენტოს უნდა დაედგინა ის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა ნებართვის ფარგლებს მიღმა. სააგენტომ ეს არ გააკეთა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ გუშინ სააგენტოს განცხადებით, ნებართვაში ცვლილებაზე მითითებით და ვეუბნებით, რომ მოსამზადებელი სამუშაოების უკანონო ხასიათი დაადგინოს“, –  ამბობს ლინა ღვინიანიძე.

აქვს თუ არა შპს “ენკა რინიუებლზს” ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შეუძლია, რომელიც უკვე 26 დღეა ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი