ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანკარა გაგებით ეკიდება საქართველოს ფრთხილ პოზიციას 3+3 ფორმატზე

4 მარტი, 2021 • 1623
ანკარა გაგებით ეკიდება საქართველოს ფრთხილ პოზიციას 3+3 ფორმატზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ანკარაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო რეგიონული თანამშრომლობის “3+3 ფორმატი”. თბილისი აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე მსჯელობის წინაპირობად ასახელებს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით “ხილული ნაბიჯების” გადადგმას. თურქული მხარე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატს ხელსაყრელად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ პატივს სცემს საქართველოს ფრთხილ პოზიციას.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონალური თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.

ზალკალიანი-ჩავიშოღლუს განცხადებები

2021 წლის 3 მარტს, ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩავიშოღლუმ აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ინიციატივას 3+3 ფორმატის შესახებ.

“ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება — 3+3 ფორმატი. საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა”, – განაცხადა ჩავიშოღლუმ.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

“ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. ჩვენ გვესმის საქართველოს მხრიდან ფრთხილი მიდგომა “3+3 ფორმატზე”, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. შესაძლოა, ორმხრივ ფორმატში ასეთი საუბრის დაწყება უფრო რთული იყოს და მრავალმხრივ ფორმატში — უფრო ადვილი, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს პოზიციას”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ნებისმიერი ახალი პლატფორმა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. ზალკალიანმა აქცენტი გააკეთა სამმხრივ — აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის — ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე, რისი მაგალითებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი.

“ძალიან ბევრი სპეკულაციები იყო ამ ვიზიტამდე ფორმატებთან დაკავშირებით — 3+3 ფორმატი იქნება, 3+2 თუ 3+1… მთავარი აქ არის რეგიონის ქვეყნების ინტერესი. პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანაა და სამმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ის პლატფორმები და ის თემატიკა, რაც მას აერთიანებს”, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ზალკალიანმა ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ბოლო კონფლიქტის შემდეგ რეგიონში ახალი რეალობაა შექმნილი, კერძოდ, იზრდება რუსეთის წვდომა და ყოფნა რეგიონში, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.

“ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან: თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლებთანაც უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული, კარგად ფუნქციონირებადი ფორმატები. საქართველოს პოზიცია ყველგან გათვალისწინებული იქნება. მე ამის რწმუნება მივიღე. აბსოლუტურად გაგებით ეკიდებიან ჩვენს პოზიციას, რომ ახლა წარმოუდგენელია საუბარი გაწევრიანებაზე იმ ფორმატში, სადაც მონაწილეობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებუბული აქვს. ამაზე ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ და გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გაგება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო არაა არცერთი ფორმატის წინააღმდეგი, თუ თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს — სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის — პრინციპებს დაეფუძნება.

“უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დეოკუპაციასთან მიმართებაში, ეს ჩვენთვის უნდა გახდეს ხილული და შემდეგ უკვე შესაძლოა ამაზე მსჯელობა. მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, თანამშრომლობა გაგრძელდეს სხვა ფორმებით, თუნდაც დიალოგის ფორმატით, რისთვისაც თბილისს ვთავაზობთ როგორც პლატფორმას. ნებისმიერი ეკონომიკური პროექტები, ბიზნესს შორის ურთიერთობა, ხალხთა შორის ურთიერთობა — შესაძებელია ამის განვითარება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე:

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი