ახალი ამბები

ფორმდება საბუთები “ნოვავაქსის” მილიონი დოზის მოსაპოვებლად — გამყრელიძე

3 მარტი, 2021 • 2756
ფორმდება საბუთები “ნოვავაქსის” მილიონი დოზის მოსაპოვებლად — გამყრელიძე

ამერიკულმა კომპანია “ნოვავაქსმა” დაადასტურა, რომ მზად არის, ავტორიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა მიაწოდოს: ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“ნოვავაქსს” ავტორიზაცია ჯერ არ აქვს. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას მიმდინარე წლის მაისის დასაწყისისთვის ელის. იანვარში აღნიშნულმა ვაქცინამ ფართომასშტაბიან ბრიტანულ კვლევაში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამირან გამყრელიძის თქმით, “მწარმოებლის თანხმობა არის” და “უკვე ფორმდება შესაბამისი საბუთები მილიონი დოზის მოპოვებაზე”.

“ნოვოვაქსი გამოჩნდება მეორე კვარტლის ბოლოს ,მესამე კვარტლის დასაწყისში. არ აქვს ჯერ მას ავტორიზაცია, თუმცა ავტორიზაციის რიგში არის”, — ამატებს ის.

ამ საკითხზე “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც.  მისი თქმით, არსებობს “წინასწარი შეთანხმება” მილიონი დოზის მოწოდებაზე და “ეს დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს “ნოვავაქსი” აღიარებას საერთაშორისო მარეგულირებლებისგან”.

“წინასწარი მონაცემებით, ამას[ვაქცინების მოწოდებას] არაფერი უდგას წინ, ვინაიდან საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა “ნოვოვაქსთან” კომუნიკაცია”, – თქვა მან.

ერთი დღით ადრე, 2 მარტს, ამირან გამყრელიძემ  აღნიშნა, რომ “ნოვავაქსის” ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ “კოვაქს” პლატფორმისგანაც მიიღო შეთავაზება. თუმცა, როგორც NCDC-ს დირექტორი განმარტავს, ხსენებული მილიონი დოზა “კოვაქსს” არ უკავშირდება და მოლაპარაკება უშუალოდ სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი