ახალი ამბები

გერმანიაში მცხოვრები ქართველები გერმანიის ელჩს წერილით მიმართავენ

3 მარტი, 2021 • 1762
გერმანიაში მცხოვრები ქართველები გერმანიის ელჩს წერილით მიმართავენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს წერილობით მიმართავენ და აცხადებენ, რომ  იმედგაცრუებული არიან იმით, რომ ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში მუდმივ რყევას განიცდის.

გერმანიაში მცხოვრები რამდენიმე ათეული ქართველის აზრით, “პოლიტიკური უთანხმოება არ შეიძლება გადაიჭრას ძალადობით და აგრესიით” და აღნიშნავენ, რომ “ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, სახელმწიფო უკან იხევს ძალადობის სასარგებლოდ”.

წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ  მან სხვადასხვა მეთოდით მოახერხა თავისი გავლენების გაფართოება.

წერილში, რომლის ადრესატიც გერმანიის ელჩია, გერმანიაში მცხოვრები ქართველები წერენ, რომ ივანიშვილი აკონტროლებს საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს და პროკურატურას.

„ამ გზით მან საბოლოოდ მოახერხა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება… ბრალდება პოლიტიკურად იყო მოტივირებული“, – აცხადებენ წერილის ავტორები.

წერილის ავტორები კმაყოფილები არიან იმით, რომ “ამ დაკავებას მეგობრები და პარტნიორები აკრიტიკებენ“, თუმცა თვლიან, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტმა ვერ განმუხტა დაძაბულობა.

წერილში მოქალაქეები მიმართავენ საქართველოში გერმანიის ელჩს, ზუსტი გზავნილით მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს შეთანხმების პირობები, რადგან მათი თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა, როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, ვერ გაიგო შეხვედრის შინაარსი.

“მიგვაჩნია, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ვადამდელი არჩევნები, ნიკა მელიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები ათობით ქართველი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი