ახალი ამბები

Gavi-ს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ Pfizer-მა ქვეყნებს დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა

2 მარტი, 2021 • 607
Gavi-ს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ Pfizer-მა ქვეყნებს დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა

Gavi-ს ხელმძღვანელი სეტ ბერკლი ადასტურებს, რომ Pfizer-მა ქვეყნებს, რომლებსაც აღნიშნულ ფორმატში მათი ვაქცინა უნდა მიეღოთ, დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა. Gavi ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად Covax პლატფორმის დამფუძენებელია.

ამის შესახებ დოქტორმა სეტ ბერკლიმ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ეხება როგორც ვაქცინების მიწოდების საკითხს, ასევე, მათ მიღებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, მათ შორის, პასუხისმგებლობის ფინანსური დაზღვევის საკითხს, რის გამოც ვაქცინების მიღების პროცესი დროში გაჭიანურდა.

რამდენიმე დღის წინ სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა “კოვაქს” პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 000 დოზა თებერვლის თვეში, როგორც ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ.

გამოცემა წერს, რომ “კოვაქსის” თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მათ მიერ დაწესებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” “კოვაქს პლატფორმაში”.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, გამოცემის ცნობით, “კოვაქსი” განმარტავს:

“ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა “კოვაქსის პლატფორმიდან” დოზების მიღება შეძლოს”.

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, რომელმაც განაცხადა, რომ ვაქცინების მიღება “კოვაქს” პლატფორმის ფარგლებში თავად მწარმოებელი კომპანიის მხრიდან დამატებითი კრიტერიუმების წამოყენების გამო გაჭიანურდა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციაში, რომელიც სამინისტროს ჰქონდა “კოვაქსთან”, ნათლადაა მითითებული, რომ პროცესი ვაქცინის მაწრმოებელი კომპანიის მიერ დამატებითი მოთხოვნების გამო გაჭიანურდა და არა საქართველოს მიერ უშუალოდ “კოვაქსის” მიერ დაწესებული კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო.

მისი თქმით, “კოვაქს” პლატფორმამ საქართველოს თებერვლის შუა რიცხვებში აცნობა, რომ “ფაიზერის” მხრიდან ახალი მოთხოვნებია წამოყენებული, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას და პასუხისმგებლობის ფინანსურ დაზღვევას ეხება.

“კოვაქსთან გაუგებრობა ამოწურულია” — თამარ გაბუნია

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი