ახალი ამბები

ტიკარაძე არ გამორიცხავს, საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს

1 მარტი, 2021 • 1792
ტიკარაძე არ გამორიცხავს, საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს არასწორი ინფორმაციის გავრცლების გამო. ამის შესახებ ტიკარაძემ რ2-ის ეთერში განაცხადა.

საქმე ეხება COVAX პლატფორმის კომენტარს, რომელიც დღეს IPN-მა გაავრცლა და რომელსაც ტიკარაძე ბრალდებებს უწოდებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ ვაქცინები დაგეგმილ ვადებში კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო.

“ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ პასუხი იმაზე, თუ რატომ გაეცა IPN-ს მსგავსი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, არასდროს მოსულა.

კოვაქს პლატფორმა ერთელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ, ბოსნიასთან დაკავშირებით, რის გამოც ბოსნიამ უჩივლა კოვაქს პლატფორმას. ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ველოდებით განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, ვინაიდან მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. შემდეგ გავაგრძელებთ საჭირო კომუნიკაციებს”, – თქვა ტიკარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა საქართველომაც უჩივლოს COVAX პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ტიკარაძემ უპასუხა:

“იქიდან გამომდინარე, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზეც, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე გამოყენებული არის ჩვენი ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან, რომ მოხდეს პოლიტიკური ესკალაცია და დაძაბულობა და ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისარგებლონ პოლიტიკური ბრლადებებით’, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა “კოვაქს” პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 500 დოზა თებერვლის თვეში, როგორც ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ.

გამოცემა წერს, რომ “კოვაქსის” თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მათ მიერ დაწესებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” “კოვაქს პლატფორმაში”.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, გამოცემის ცნობით, “კოვაქსი” განმარტავს:

“ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა “კოვაქსის პლატფორმიდან” დოზების მიღება შეძლოს”.

რაც შეეხება კიდევ ერთ, “ასტრაზენეკას” წარმოებულ ვაქცინას, რომელსაც საქართველო “კოვაქს” პლატფორმისგან ელოდება, ამ დროისთვის  უკვე გაიგზავნა განასა და კოტდიუვარში. სამხრეთ კორეამ კი პლატფორმის მეშვეობით “ფაიზერის” ვაქცინები მიიღო.

მათ შორის, განამ უკვე მიიღო აღნიშნული ვაქცინის 600,000 დოზა, კოტდიუვარმა კი- 504 000. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ქვეყანამ “კოვაქსისგან  “ფაიზერის” 117 000 დოზა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი