ახალი ამბები

“არაკანონიერი დავალება არ ყოფილა” — ივერი მელაშვილი

2 მარტი, 2021 • 623
“არაკანონიერი დავალება არ ყოფილა” — ივერი მელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეიდან, 2 მარტიდან, ე.წ. კარტოგაფების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ამავდროულად, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სხვა პირების შესაძლო ბრალეულობის დასადგენად, მიიჩნევს რა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად.

ივერი მელაშვილის თქმით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არცერთი დავალება არ მიუღიათ.

“რამე არაკანონიერი დავალება არ ყოფილა. არ ყოფილა თვითონ ფაქტი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. როგორ უნდა წარუყენონ ბრალი ზემდგომ პირებს – გნებავთ, კომისიის თავმჯდომარეს, მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი, ჩემამდე არ დადის. თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა და პოლიტიკური შეკვეთა”, — განაცხადა მელაშვილმა.

არსებითი განხილვის პირველ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.

მომდევნო სხდომებზე კი ეტაპობრივად გამოიკითხებიან მოწმეები, რომელთა შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საზღვრის დელიმიტაციის კომისიის საქმიანობაზე გამოძიება პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

საქმეში დევს ირაკლი ღარიბაშვილიც ჩვენებაც. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, თავდაცვის მინისტრის გაპრემიერება საქმის სამართლებრივ მიმდინარეობაში ბევრს არაფერს ცვლის, ვინაიდან საქმე პოლიტიკურია და მასში იკვეთება ხელისუფლების ერთიანი ინტერესი.

“ერთადერთი რაც იცვლება, თუ ვკითხავდით თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ პრემიერ-მინისტრს”,  განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა. ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებენ. საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი