ახალი ამბები

IPN-სთვის მიწერილ პასუხზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას “კოვაქსს” სთხოვს

1 მარტი, 2021 • 658
IPN-სთვის მიწერილ პასუხზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას “კოვაქსს” სთხოვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინების მიღება “კოვაქს” პლატფორმის ფარგლებში თავად მწარმოებელი კომპანიის მხრიდან დამატებითი კრიტერიუმების წამოყენების გამო გაჭიანურდა.

გაბუნიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ “კოვაქს” პლატფორმას უკვე მიმართა განმარტებისთვის ინფორმაციის გამო, რომელიც  “ინტერპრესნიუსმა” დღეს, პირველ მარტს გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ ვაქცინები დაგეგმილ ვადებში კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციაში, რომელიც სამინისტროს ჰქონდა “კოვაქსთან”, ნათლადაა მითითებული, რომ პროცესი ვაქცინის მაწრმოებელი კომპანიის მიერ დამატებითი მოთხოვნების გამო გაჭიანურდა და არა საქართველოს მიერ უშუალოდ “კოვაქსის” მიერ დაწესებული კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო.

“დღეს გაჟღერდა ინფორმაცია “ინტერპრესნიუსის” საშუალებით, რომ თითქოს საქართველომ მზაობის მოთხოვნები ვერ დააკამყოფილა. ჩვენ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ ამ განცხადების განმარტება, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვაქსისგან, ცალსახად მითითბულია “ფაიზერისგან” დამატებითი მოთხოვნების დაყენება”, — ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო “კოვაქსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ — “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” — ვაქცინაზე.

თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ქვეყანამ 21 იანვარს დაამტკიცა ვაქცინაციის გეგმა და დააფიქსირა მზაობა ვაქცინების მიღებაზე. მისი თქმით, ასევე გამოიხატა მზაობა ქვეყნის მხრიდან, რომ პრეპარატი მარეგულირებლის მიერ რეგისტრირებული იქნებოდა.

მისი თქმით, “კოვაქს” პლატფორმამ საქართველოს თებერვლის შუა რიცხვებში აცნობა, რომ “ფაიზერის” მხრიდან ახალი მოთხოვნებია წამოყენებული, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას და პასუხისმგებლობის ფინანსურ დაზღვევას ეხება.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული კომუნიკაცია 23 თებერვალს შედგა და ქვეყანა ამ დრომდე ელოდება სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, რომლის მეშვეობითაც ვაქცინის მიღების საბოლოო პირობებზე უნდა შეთანხმდნენ:

“ველოდებით “ფაიზერისა” და “კოვაქსისგან” სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსიტიციის სამინისტროს მეშვეობით, ჯანდაცვის სამინისტორს მეშვეობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობის საფუძველზე, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ქვეყანაში არსებობს.

ამდენად, “ფაიზერთან” მიმართებით, შეფერხება საქართველოს მხრიდან არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. როგორც კი ჩვენ გვექნება “ფაიზერის” საბოლოო დასტური, გადავალთ შემდეგ, თანხის გადახდის ეტაპზე” ,— ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე, რომელსაც საქართველო “იუნისეფის” მეშვეობით ყიდულობს. გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პირველი დოზებისთვის თანხას მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაიხდის, რის შემდეგაც დაზუსტდება მოწოდების თარიღი და პრეპარატი ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.

დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა “კოვაქს” პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 500 დოზა თებერვლის თვეში, როგორც ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ.

გამოცემა წერს, რომ “კოვაქსის” თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მათ მიერ დაწესებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” “კოვაქს პლატფორმაში”.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, გამოცემის ცნობით, “კოვაქსი” განმარტავს:

“ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა “კოვაქსის პლატფორმიდან” დოზების მიღება შეძლოს”.

რაც შეეხება კიდევ ერთ, “ასტრაზენეკას” წარმოებულ ვაქცინას, რომელსაც საქართველო “კოვაქს” პლატფორმისგან ელოდება, ამ დროისთვის  უკვე გაიგზავნა განასა და კოტდიუვარში. სამხრეთ კორეამ კი პლატფორმის მეშვეობით “ფაიზერის” ვაქცინები მიიღო.

მათ შორის, განამ უკვე მიიღო აღნიშნული ვაქცინის 600,000 დოზა, კოტდიუვარმა კი- 504 000. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ქვეყანამ “კოვაქსისგან  “ფაიზერის” 117 000 დოზა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი