ახალი ამბებისაზოგადოება

“ყველანაირად ვცდილობთ ბავშვებს არ ვაგრძნობინოთ” — 9-სულიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე

26 თებერვალი, 2021 • 1193
“ყველანაირად ვცდილობთ ბავშვებს არ ვაგრძნობინოთ” — 9-სულიანი ოჯახი საარსებო შემწეობის გარეშე

“მინდა, რომ დილას ადგნენ ჩემი შვილები, ლუკმა დახვდეთ და იმაზე ფიქრი არ უწევდეთ, დედამ და მამამ ქირა როგორ გადაიხადონ”, – ამბობს მრავალშვილიანი დედა, ბელა მამფორია თბილისიდან. მის ოჯახს ერთი თვის წინ, მერვე შვილის გაჩენის შემდეგ, სოციალური დახმარება სახელმწიფომ დროებით შეუჩერა.

ბელა მამფორია “ნეტგაზეთს” უყვება, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება იქცა, თუმცა შემწეობის შეჩერების შემდეგ იძულებული გახდნენ, ყოველდღიური საკვებისა და სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად საზოგადოებისთვის მიემართათ.

ბელას თქმით, სოციალურმა სააგენტომ შემწეობის მიღების სავარაუდო პერიოდად 3 თვე დაუსახელა, რაც ნიშნავს, რომ ოჯახს მომავალი ორი თვის განმავლობაში შემოსავლის გარეშე მოუწევს ყოფნა.

ოჯახის პრობლემები

ბელა, მისი მეუღლე – გიორგი ბეგაშვილი და მათი ორი შვილი 7 წლის წინ ავტოავარიაში მოყვნენ. ავარიის შედეგად გიორგის ფეხი დაუზიანდა და ამჟამად მნიშნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებს.

“ავარიამდე მთავრობის გზა სად იყო, არ ვიცოდი”, – ამბობს ბელა და ყვება, რომ მას შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

როგორც ბელამ “ნეტგაზეთს” უამბო, რომ გიორგის 5 ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა საბოლოოდ ყავარჯნების გარეშე გადაადგილება მაინც ვერ შეძლო. ოპერაციების გაკეთებისას კი სოციალური დაზღვევა ამოეწურა და ხარჯების ასანაზღაურებლად ოჯახს სოფელში სახლის გაყიდვა მოუწია. ბელა ყვება, რომ ავტოავარიამდე ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ და გიორგის შემოსავალი მათი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სრულიად საკმარისი იყო.

“სოფელ ვაქირში ვცხოვრობდით, მაგრამ ოპერაციის ფული დაგვჭირდა, გავყიდეთ სახლი და წამოვედით აქეთ [თბილისში]. ოპერაციამ მაინც უშედეგოდ ჩაიარა. რამდენჯერაც ჩაუდგეს რკინა, ორგანიზმმა ვერ მიიღო. დღესაც არც რკინა აქვს ჩადგმული და არც არაფერი”, – ამბობს ბელა.

ბელას თქმით, მის მეუღლეს პლასტმასის პროტეზი სჭირდება, რომლის ჩადგმისთვისაც 500 დოლარია საჭირო, თუმცა ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

“ყველანაირად ვცდილობთ მშობლები, რომ ბავშვებს არ ვაგრძნობინოთ ეს ყველაფერი. პატარები იმდენად ვერა, მაგრამ 12 წლის გოგონა ხვდება, რაშიც არის საქმე. ძალიან რთულია, ჩემთვის მაინც. მეუღლეც ნერვიულობს, რომ მე ამდენი რაღაც მიწევს. ყველაფერი ჩემზე ტყდება ახლა. ის [გიორგი] ცალკე განიცდის, მერე მეც ვნერვიულობ და ძალიან რთულია”, – ამბობს ბელა.

“ძალიან განვიცდით, რომ ფეისბუკზე გვიწევს პოსტების წერა [დახმარების სათხოვნელად], არ მინდა ძალიან, მაგრამ რა ვქნა, შვილებს ხომ არ დავხოცავ მშივრებს”, – უყვება ბელა “ნეტგაზეთს”.

ბელას თქმით, მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ შვილებს ისეთი პრობლემებით ცხოვრება არ მოუწიოთ, როგორც თავად.

რატომ შეუჩერეს ბეგაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება

გიორგი ბეგაშვილის თქმით, მისი ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლოს 4 წლის წინ შეამოწმა, რის შემდეგაც მიენიჭა შესაბამისი ქულები, რომლის საფუძველზეც ისინი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სოციალურ დახმარებას იღებდნენ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, 2021 წლის 3 თებერვალს, ოჯახმა ხელახლა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს მდგომარეობის გადამოწმების თაობაზე.

მიმართვიდან 17 დღეში, 20 თებერვალს, ბეგაშვილების ოჯახში სოციალური აგენტი მივიდა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადაამოწმა და ოჯახს განუმარტა, რომ შემწეობის მიღებას ისინი აპრილის შუა რიცხვებში, განაცდურის ანაზღაურებით, ერთბაშად შეძლებენ.

თუმცა, როგორც ოჯახი განმარტავს, მათთვის სამი თვის განმავლობაში შემწეობის გარეშე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იმის გასარკვევად, თუ რატომ უწევს ოჯახს თითქმის სამი თვის განმავლობაში შემწეობის გარეშე ყოფნა, “ნეტგაზეთი” სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ კონკრეტულ ოჯახზე საუბრის უფლება არ აქვთ, თუმცა განმარტეს სოციალური დახმარების შეჩერებისა და აღდგენის წესი.

სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ვაშალომიძის განმარტებით, ახალი არასრულწლოვანი წევრის დამატების შემთხვევაში, ოჯახი სოციალურ შემწეობას უწყვეტად მიიღებს, თუ ბავშვის დაბადების მომენტში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ბოლო შეფასებიდან არ იქნება გასული 2 წელზე მეტი.

ვაშალომიძის თქმით, ამ შემთხვევაში ბავშვის მონაცემები პირდაპირ დაემატება ბაზაში და სააგენტო ავტომატურად გაიანგარიშებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის შეფასებიდან 2 წელზე მეტი იქნება გასული, მაშინ, კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის გადამოწმება არის აუცილებელი და მათი მდგომარეობის ხელახალი შეფასების შემდეგ ბავშვი ოჯახის დეკლარაციას დაემატება.

მეორე შემთხვევაში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტის საფუძველზე. შესაბამისი პროცედურების გავლას საშუალოდ 2 თვეზე მეტი სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ოჯახი სოციალური შემწეობის გარეშე რჩება.

“თუ ოჯახი არის საარსებო შემწეობის მიმღები და მოგვმართავს ხელახალი განაცხადით, ჩერდება საარსებო შემწეობა და შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. ეს ნიშნავს, რომ ოჯახში უნდა მივიდეს აგენტი და შეავსოს ოჯახის დეკლარაცია. ამის შემდეგ, ოჯახს ერთ თვეში მიენიჭება სარეიტინგო ქულა”, – განმარტა ვაშალომიძემ.

მისივე თქმით, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახს სოციალური შემწეობა დათქმულ ვადებში ჩაერიცხება.

მაგალითად, ბეგაშვილების შემთხვევაში, სოციალური აგენტი დეკლარაციის შესავსებად ოჯახს 20 თებერვალს ესტუმრა, სოციალური ქულა 21 მარტს მიენიჭებათ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შემწეობას 20-21 აპრილს მიიღებს. ამასთან, ამ დროს ოჯახს ჩაერიცხება ის თანხაც, რომელიც არ მიუღია ბავშვის გაჩენის შემდეგ.

თუმცა, პანდემიის პერიოდში, ბეგაშვილები სოციალური დახმარების უწყვეტად მიღებას შეძლებდნენ, თუ თავად არ მიმართავდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით. ამის საფუძველი კი 2020 წლის 23 მაისს დამტკიცებული 322-ე დადგენილება გახდა [იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ].

ვაშალომიძის განმარტებით, დადგენილების თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი “შეჩერების საფუძვლების” წარმოშობის მიუხედავად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააგენტო საკუთარი ინიციატივით აღარ ამოწმებს. ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი შემწეობის მიღებას უწყვეტად და უცვლელად შეძლებს.

თუმცა, 322-ე დადგენილების თანახმად, სოციალური სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი თავად მიმართავს სააგენტოს განცხადებით.

ვაშალომიძის განმარტებით, აღნიშნული დადგენილების მიხედვით, თუ ოჯახს ახალი არასრუწლოვანი წევრი დაემატება და არ მიმართავს სოციალურ სააგენტოს, მიუხედავად პანდემიამდე არსებული კანონისა, რომელიც ოჯახს გარემოების ცვლილების შეტყობინებას ავალდებულებს, ის ჩვეულად გააგრძელებს დახმარების მიღებას.

რა პრობლემებს ქმნის სოციალური შემწეობის ადმინისტრირება

“ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” დირექტორთა საბჭოს წევრის, ლინა ღვინიანიძის განმარტებით, ოჯახისთვის სოციალური შემწეობის შეჩერების შემდეგ კომპენსაციის ხელახალი დანიშვნისთვის სახელმწიფო 90-დღიან ვადას იღებს. თუმცა ეს ვადა არ ვრცელდება 3 შემთხვევაში:

  1. საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებებისას;
  2. ოჯახში ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის შემთხვევაში, როცა ამ მომენტიდან და ოჯახის ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი;
  3. ოჯახში ადამიანის გარდაცვალების დროს.

ღვინიანიძის განმარტებით, ამ სამ შემთხვევაში სააგენტო ავტომატურად, ოჯახში ვიზიტის გარეშე ანგარიშობს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რა დროსაც სახელმწიფო 90-დღიანი ვადის ნაცვლად იღებს მიმართვიდან ერთთვიან პერიოდს.

“ოჯახი მიმართავს სააგენტოს, რომელიც ცნობად მიიღებს ამ მიმართვას და სისტემაში დაამატებს ახალ მონაცემს, რომელიც იწვევს გადაანგარიშებას და ამ შედეგების მიხედვით, მიმართვიდან ერთი თვის ვადაში იწყება საარსებო შემწეობის გაცემა”, – განმარტავს ღვინიანიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის ვადები მკვეთრად მცირდება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს პერიოდი შესაძლოა მაინც დამაზიანებელი იყოს.

ღვინიანიძის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფომ ოჯახის ინტერესები უნდა დააყენოს პირველ ადგილას და საერთოდ არ უნდა შეუწყვიტოს ოჯახს საარსებო შემწეობა:

“ჩვენი საარსებო შემწეობის სისტემის ლოგიკა აწყობილია იმაზე, რომ შემწეობა ფაქტობრივად ჩერდება და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ ხდება ამის კომპენსირება, როცა ნორმალურ შემთხვევებში პირიქით უნდა ხდებოდეს – გადამოწმების პერიოდი უნდა იყოს უფრო მოკლე იმისთვის, რომ სახელმწიფომ ნაკლები ხარჯი გაწიოს, თუმცა დახმარება არ უნდა შეჩერდეს. ოჯახებს დახმარება უნდა შეუნარჩუნდეთ მანამ, სანამ სახელმწიფო დაადგენს განსხვავებულ გარემოებებს, რაც შეიძლება ქულების ზრდის შემთხვევაში შეჩერების საფუძველი იყოს”, – განმარტავს ღვინიანიძე.

ღვინიანიძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხშირ შემთხვევაში ბევრი განსახილველი საქმე აქვს, რომლის კვალობაზეც მცირე ოდენობის თანამშრომელები ჰყავთ. ღვინიანიძის განმარტებით, ამის გამო სახელმწიფო უმეტეს შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ვადების [90 დღე ან ერთი თვე] მაქსიმუმს იყენებს.

ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელი იქნება ორ შემთხვევაში:

  1. შეიძლება სახელმწიფომ თქვას, რომ ეს დაშვება [გადამოწმებისას სოციალური დახმარების შეჩერება] გამართლებულია, თუმცა ამას გაამართლებდა მხოლოდ სწრაფი ადმინისტრირება – მდგომარეობის სწრაფად გადამოწმება, რასაც გაცილებით დიდი ადამიანური რესურსი და გაცილებით გამართული სისტემა სჭირდება;
  2. თუ სახელმწიფო არსებული ადმინისტრირების მეთოდით გააგრძელებს მუშაობას, მაშინ უნდა შეიცვალოს დაშვება [გადამოწმებისას სოციალური დახმარების შეჩერება] – სანამ სახელმწიფო არ დაადგენს დახმარების გაცემის საჭიროების (არ)არსებობას, მანამდე უნდა იყოს ვარაუდი, რომ ოჯახს სჭირდება ეს თანხა.

ღვინიანიძის თქმით, სახელმწიფომ სოციალური დახმარებების ადმინისტრირების მიმართულებით სხვადასხვა ცვლილებები განახორციელა, თუმცა საბოლოოდ “ეს სისტემა მნიშვნელოვანწილად გაუმართავია”.

მისი განმარტებით, ამ სისტემის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში, როდესაც “კიდევ უფრო მეტი ოჯახი გახდა დამოკიდებული სახელმწიფოს შემწეობაზე”.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარში სოციალურ დახმარებას 432 218 მოქალაქე იღებდა, 2021 წლის იანვარში კი 532 242 ადამიანს ესაჭიროება 60-ლარიანი შემწეობა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3 პროცენტია.

ამის გამო სოციალური მომსახურების სააგენოტს ყოველთვიური ბიუჯეტი საარსებო შემწეობებისთვის 6 მილიონი ლარით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი