საზოგადოება

მთავრობა სოც.დაუცველებისთვის 50 ათას სამუშაო ადგილზე აცხადებს ვაკანსიას – პრემიერი

14 თებერვალი, 2022 • 2818
მთავრობა სოც.დაუცველებისთვის 50 ათას სამუშაო ადგილზე აცხადებს ვაკანსიას – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან საქართველოს მთავრობა იწყებს სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პოლიტიკას და პირველ ეტაპზე 50 000 სამუშაო ადგილზე გამოაცხადებს ვაკანსიას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაოები იქმნება სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

დასაქმება შეეძლებათ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს, რომლებსაც არ აქვთ შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

ღარიბაშვილის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, დასაქმდება 200 000 ადამიანი, თუმცა პირველ ეტაპზე ვაკანსია 50 000 ადგილზე გამოცხადდება.

მისი განცხადებით, ვაკანსიებს გამოაცხადებენ მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის და სხვა სამინისტროები.

„შეიძლება, წელს 100 000-მდე გავიდეთ, ლიმიტი არ გვაქვს დაწესებული. 50-ით დავიწყებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, პროგრამით მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს:

  • „ან საზოგადოებირვი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილების და მისი პიროვნული განვითარების შესაბამისი ვაკანსია;
  • ან, თუ დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება (ლეგალიზება) მოახდინოს;
  • ან პროფესიული მომზადების და გადამზადების ქვეპროგრამაში ჩაერთოს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას“ და მოსარგებლებს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ შემწეობა, ხოლო პროგრამაში ჩართულ თითოეულ პირს მიეცემა დამატებით 300 ლარი.

„ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რასაც დაემატება კიდევ 300 ლარი“.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „მოსარგებლის შემწეობა გაუგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ  იგი არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმება“, მაგრამ, ამავე დროს, „1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება“, რაც, ღარიბაშვილის განცხადებით, სამართლიანია. „თუმცა მას შეეძლება, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა სოციალურად დაუცველ ადამიანებს უმოქმედობისკენ უბიძგებს, რაც ნიშნავს, რომ 600 000 პირიდან ის 200 000, რომელიც არის შრომისუნარიანი, დემოტივირებულია, ლეგალურად დასაქმდეს.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, – ყველას, ვისაც ეს სჭირდება. მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, ამ პროგრამას ორმაგი შედეგი ექნება:

  1. „გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შემოსავლები;
  2. ახალი ინფრასტრუქტურა ან არსებულის გაუმჯობესება შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი