ახალი ამბები

თბილისში ნიკა მელიას მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

26 თებერვალი, 2021 • 887
თბილისში ნიკა მელიას მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 23 თებერვალს ენმ-ის ოფისზე შტურმით დააკავეს.

მსვლელობას უერთდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები და მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და პატიმრობიდან გათავისუფლრბას ითხოვენ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები: აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვს.

მელია გირაოს პარალელურად დაწესებულ სხვა დამატებითი შეზღუდვებს მანამდეც არღვევდა, თუმცა პროკურატურა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით სასამართლოში მის მიერ სამაჯურის მოხსნის მერე შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას 50 დღე განესაზღვრა დამატებითი გირაოს გადახდის ვადად, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დაეყენებინა.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი