ახალი ამბები

“არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე” – შსს ენმ-ის ოფისიდან ტექნიკის ამოღებაზე

27 თებერვალი, 2021 • 1265
“არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე” – შსს ენმ-ის ოფისიდან ტექნიკის ამოღებაზე

შსს-ს განცხადებით, 23 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობები იმიტომ ამოიღეს, რომ არსებობდა “საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე”.

უწყების ინფორმაციით, ეს მოხდა სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო”, – დასძენს უწყება.

შსს ასევე ამბობს,რომ ენმ-ის წარმომადგენლებს აცნობეს, გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

“ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ში განუცხადეს, შსს-დან ტექნიკის თავად წამოღებას არ აპირებენ, ვინაიდან მოწყობილობების ამოღების დროს კანონი დაირღვა.

“ტექნიკის ამოღება სამართლებრივად ან სასამართლო განჩინების საფუძველზე ხდება, ან პროკურორის დადგენილებით. არც ერთი, არც მეორე, ჩვენ თვალით არ გვინახავს.

შესაბამისად, ამის შემდეგ ჩვენ თვითონვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოხდა ჩვეულებრივად ჩვენი ინვენტარის გატაცება”, – აღნიშნავს პარტიის წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე.

მისი თქმით, ენმ-მ პროკურატურას მიმართა და სწორედ მისგან ელის რეაგირებას პოლიციის მიერ სერვერების წაღებაზე პარტიის ოფისიდან.

შსს-მ ენმ-ის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის დღესვე დაადასტურა, რომ შენობაში საპოლიციო შტურმის დროს სერვერები ამოიღო. თუმცა, ის არ აკონკრეტებდა, რომელი გამოძიების ფარგლებში გააკეთა ეს.


23 თებერვალს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

26 თებერვალს ოპოზიციამ თბილისში აქცია გამართა, რომელზეც კვლავ გააპროტესტეს ნიკა მელიას დაკავება. გამოცხადდა შემდგომი დღეების სამოქმედო გეგმაც, რომელიც, დემონსტრაციებთან ერთად, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი