ახალი ამბები

კანონმდებლები აშშ-დან და ევროპიდან: ენმ-ის ოფისში შეჭრამ გამოააშკარავა დემოკრატიის სიმყიფე საქართველოში

27 თებერვალი, 2021 • 1720
კანონმდებლები აშშ-დან და ევროპიდან: ენმ-ის ოფისში შეჭრამ გამოააშკარავა დემოკრატიის სიმყიფე საქართველოში

ამერიკელმა და ევროპელმა კანონმდებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურებიან. ხელმომწერთა სიას დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსიც შეუერთდა.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ “უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრამ, მისი ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად, გამოააშკარავა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე საქართველოში”.

“მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა მოძებნონ პოლიტიკური გამოსავლები იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებსაც ბოლო წლებში ვხედავთ და არ მიმართონ სხვათა მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების დასაზიანებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კანონმდებელთა განცხადებით, ძალადობა არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ მისწრაფებებსა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასული წლის 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობებს.

“ანტიდემოკრატიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, ნათელს ჰფენს ძალაუფლების მქონე პირთა პერსონალურ პასუხისმგებლობას, გამოიჩინონ თავშეკავება…

საქართველოს ადგილი, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრისა, ეჭვქვეშ არ დგას, თუმცა [ის] საფრთხის ქვეშ დგება თავისუფლებაზე განხორციელებული ძალადობითა და თავდასხმებით”, – ამბობენ ისინი.

განცხადებას ხელს აწერენ:

რობერტ მენენდესი – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

გრეგორი მიკსი – აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

პაველ ფიშერი – ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე;

მარეკ კუხჩინსკი – პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

რიჰარდს კოლსი – ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

მარკო მიხელსონი – ესტონეთის რიიგიკოგუს[პარლამენტის] საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ნორბერტ როტგენი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;

ტომ ტუგენდჰატი – გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

რა მოხდა?

23 თებერვალს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

26 თებერვალს ოპოზიციამ თბილისში აქცია გამართა, რომელზეც კვლავ გააპროტესტეს ნიკა მელიას დაკავება. გამოცხადდა შემდგომი დღეების სამოქმედო გეგმაც, რომელიც, დემონსტრაციებთან ერთად, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას მოიცავს.

* თავდაპირველად, მასალის სათაური იყო “კანონმდებლები აშშ-დან და ევროპიდან: მელიას დაკავებამ გამოააშკარავა დემოკრატიის სიმყიფე საქართველოში”. მასალის გამოქვეყნებიდან 5 წუთის შემდეგ[23:34] სათაური დაზუსტდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი