ნეტგაზეთი | რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს – Netgazeti
RU | GE  

რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს

რუსთაველზე ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე გაშალეს.

ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს მოსთხოვეს კარვის ტროტუარზე გადატანა, ვინაიდან, მათი თქმით, კარავი სამანქანო მოძრაობას შეუშლიდა ხელს.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მელიას მხარდასაჭერი აქცია, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, ამ დრომდე მიმდინარეობს. ტეიტორიაზე მოწყობილია სცენაც.

20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები: აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი აქვს.

მელია გირაოს პარალელურად დაწესებულ სხვა დამატებითი შეზღუდვებს მანამდეც არღვევდა, თუმცა პროკურატურა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით სასამართლოში მის მიერ სამაჯურის მოხსნის მერე შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას 50 დღე განესაზღვრა დამატებითი გირაოს გადახდის ვადად, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დაეყენებინა.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს პატიმრობა შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.