ახალი ამბები

მთავრობის ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ უზარმაზარი საჩუქარია კრემლისთვის – თორნტონი

27 თებერვალი, 2021 • 1162
მთავრობის ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ უზარმაზარი საჩუქარია კრემლისთვის – თორნტონი

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი ნიკა მელიას დაკავებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობის ქმედებები მოსკოვისათვის საჩუქარია.

“მთავრობის ქმედებები ოპოზიციისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ და დემოკრატიის კრიზისი უზარმაზარი საჩუქარია კრემლისთვის. მათ შეუძლიათ, უბრალოდ დასხდნენ და უყურონ, დაითვალონ დანაზოგები ახლა უკვე არასაჭირო ჰიბრიდული ომის ბიუჯეტისა”, – წერს თორნტონი ტვიტერზე.

23 თებერვალს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

26 თებერვალს ოპოზიციამ თბილისში აქცია გამართა, რომელზეც კვლავ გააპროტესტეს ნიკა მელიას დაკავება. გამოცხადდა შემდგომი დღეების სამოქმედო გეგმაც, რომელიც, დემონსტრაციებთან ერთად, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას მოიცავს.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტს აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი