ახალი ამბები

Transparency International საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

24 თებერვალი, 2021 • 574
Transparency International საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათავო ოფისი აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.

ორგანიზაციის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

“ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის, მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა. კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ეროზია, ასევე, უწყვეტი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებზე, მნიშვნელოვან უკუსვლას იწვევს დემოკრატიის მხრივ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და მმართველი პარტიის გავლენა სამართალდამცავ უწყებებზე გამოიყენება, როგორც იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია Transparency International-ის განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, დასანანია, რომ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს შედეგიანი ანტიკორუფციული რეფორმებით იყო ცნობილი, დაუსჯელობა სულ უფრო მეტად მკვიდრდება ნორმად მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში.

Transparency International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვის მიზნით და შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება რეალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი