ახალი ამბები

Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას მარტის ბოლოდან გეგმავს

24 თებერვალი, 2021 • 973
Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას მარტის ბოლოდან გეგმავს

ავიაკომპანია Air Baltic საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან გეგმავს. როგორც ნეტგაზეთს ლიეტუვურ ავიაკომპანიაში უთხრეს, თბილისი-რიგის მიმართულებით 28 მარტიდან იგეგმება ფრენების განახლება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია კვირაში 6-ჯერ შეასრულებს რეისებს.

ნეტგაზეთმა იმავე კითხვით ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-საც მიმართა, რომელიც 2019 წელს შემოვიდა საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ავიაკომპანია აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას არ გეგმავს.

“კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოდან Ryanair-ის რეისები 2021 წელს არ შესრულდება. Ryanair-ის ქსელში შემავალ ყველა აეროპორტთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევთანხმდეთ აღსადგენად საჭირო მასტიმულირებელ სქემებზე, რომელიც აუცილებელია მიმართულებების სწრაფად აღსადგენად, რადგან ეს მიგვაჩნია Covid-19-ის პანდემიიდან გამოსავლად”, — ასე უპასუხა ავიაკომპანიამ ნეტგაზეთს.

“რაინეარი” ფრენებს ახორციელებდა ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე შემოსვლის წელსვე ავიაკომპანია 18 849 მგზავრს მოემსახურა. 2020 წელს კი, როცა პანდემიის გამო 21 მარტიდან სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით, ავიაკომპანიამ 21 323 მგზავრი გადაიყვანა.

რაც შეეხება Air Baltic-ს, 2019 წელს ლატვიურმა ავიაკომპანიამ 62 497 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2020 წელს 10 326 მგზავრს მოემსახურა. “ლუფთანზასთან” და “ეარ ფრანსთან” ერთად, 2020 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ სამი მიმართულებით აღადგინა, ერთ-ერთი Air Baltic იყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ავიაკომპანიამ გასული წლის ნოემბერში რეგულარული ფრენები შეწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოდიან, ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ მცირეა იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც გაანახლეს ფრენები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებდა, რომ აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს ყველა ავიაგადამზიდველთან, როგორც ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში სასურველ საჰაერო ხაზებზე ფრენების განახლების, ისე ზაფხულის სეზონის მიმართულებებისა და სიხშირეების თაობაზე.

ამ დრომდე არ აღუდგენია ფრენები დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “ვიზეარს”, რომელიც ბოლო 3 წელია ლიდერია გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2019 წელს ავიაკომპანიამ ქუთაისიდან 800 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, 2020 წელს კი, დაახლოებით, 172 ათასი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი