ახალი ამბები

Wizz Air და Air Baltic რიგისა და ვილნიუსის მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებენ

6 ნოემბერი, 2020 • 820
Wizz Air და Air Baltic რიგისა და ვილნიუსის მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Wizz Air 19 დეკემბრამდე აუქმებს ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ხოლო  12 იანვრამდე, ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით.

მიზეზი ლატვიისა და ლიეტუვას მიერ საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვებია.

“კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული განაცხადის შესაბამისად, ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ასევე, ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება”,-წერია სააგენტოს განცხადებაში.

რიგაში რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Air Baltic ასრულებდა, რომელმაც რეგულარული ფრენები ჯერ კიდეც აგვისტოში აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, შეზღუდვების გამო 28 ნოემბრამდე ფრენები Air Baltic-მაც გააუქმა, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი