სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, AirBaltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 5 აგვისტოდან დაიწყებს. უწყების ცნობითვე, ავიაკომპანია რიგა – თბილისი – რიგის მიმართულებით თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ რეგულარული რეისები კვირაში ორი დღე შესრულდება.
ავიარეისების განრიგი ასეთია:
• რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
• თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
• რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
• თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;
ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
“რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს”,-აცხადებენ სააგენტოში.