ახალი ამბები

შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი დააკავეს

24 თებერვალი, 2021 • 1195
შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს ტურისტული კომპანიის, “თრეველ ჯის” დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი. ასევე დაკავებულია ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის მფლობელი გ.გ.

როგორც შსს აცხადებს, მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის არიან ტურისტული კომპანიის გიდი და დაქირავებული მიკროავტობუსის მძღოლი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი