ახალი ამბები

ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

24 თებერვალი, 2021 • 599
ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ლიდერები — ალსი ჰასტინგი (წარმომადგენლობითი პალატა), სენატორ როჯერ ვიკერი, ჯო უილსონი (წარმომადგენლობითი პალატა) და სენატორი ბენ კარდინი — ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს აღიარებული აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სათავო ოფისის შტურმი და მისი ლიდერის დაკავება არ არის თანხვედრაში დემოკრატიულ პროგრესთან. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, მოახდინოს კრიზისის დეესკალაცია და დაუბრუნდეს დიალოგს და არა – აგრესიას”, — ნათქვამია განცხადებაში.


23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი