ახალი ამბები

შსს არ ამბობს, რომელი გამოძიების ფარგლებში ამოიღო ენმ-ის ოფისიდან სერვერები

23 თებერვალი, 2021 • 940
შსს არ ამბობს, რომელი გამოძიების ფარგლებში ამოიღო ენმ-ის ოფისიდან სერვერები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან საპოლიციო შტურმის დროს სერვერები ამოიღო.

თუმცა, ნეტგაზეთის დამატებით კითხვებზე საპასუხოდ, უწყება არ აკონკრეტებს, რომელ გამოძიებაზე საუბრობს ან/და რა მუხლით მიმდინარეობს ეს გამოძიება. უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრის თანახმად, შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელიას დასაკავებლად შტურმის პარალელურად ოფისის კომპიუტერული სერვერებიც წაიღეს.

აღნიშნული სერვერები ქვედა, მინუს სართულზე [სარდაფში] იყო მოთავსებული, ნიკა მელია კი ბოლო, მე-3 სართულზე იმყოფებოდა.

ვრცლად:

ოფისიდან სერვერები წაიღეს – ენმ-ის პრესცენტრი


შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი