ახალი ამბები

ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებ – ჯერი კონოლი

19 თებერვალი, 2021 • 790
ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოვუწოდებ – ჯერი კონოლი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ (ჯერი) კონოლი, რომელიც ამავე დროს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ეხმაურება უახლეს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

კონოლი ასე აღწერს ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს: „მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკა მელიას, ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შედეგად, ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერდა“.

ის წერს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და აცხადებს: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ, — მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, სასწრაფოდ იმოქმედონ ამ უკანასკნელი კრიზისისა და მათ შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებისათვის“.

„ღრმად მწამს, ამ ერის უზარმაზარი პოტენციალის გამოთავისუფლების ერთადერთი გზა არის საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიის შექმნის დაპირება. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებასთან, — ისეთ ფუნქციონირებასთან, როცა საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი გათვალისწინებულია“, – აცხადებს იგი.

კონოლი იხსენებს სულ რაღაც ათი დღით ადრე აშშ-ის კონგრესში მისი და მისი კოლეგების წარდგენილ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ და ხაზს უსვამს, რომ ამ კანონპროექტით „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით, რუსეთის აგრესიის პირობებში“.

ამასთან, ჯერი კონოლის თანახმად, ეს აქტი „ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას, რაშიც სხვა საკითხებთან ერთად, იგულისხმება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“.

„გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ამის მიღწევა კი მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგითა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით არის შესაძლებელი“, – აცხადებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში. გაზიარებული დემოკრატიული ფასეულობები,- როგორც ნატოს წევრებს შორის, ისე ჩვენს პარტნიორებს შორის, როგორიც საქართველოა,- არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვის, პეკინისა და სხვა ქვეყნების ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – წერს ჯერი კონოლი 18 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაში.


რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუკი ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

იმავე საღამოს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

გირჩევთ ასევე:

განიმუხტოს დაძაბულობა, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ბრიტანეთის საელჩო

განიმუხტოს დაძაბულობა, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ბრიტანეთის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი