ახალი ამბები

განიმუხტოს დაძაბულობა, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ბრიტანეთის საელჩო

18 თებერვალი, 2021 • 1104
განიმუხტოს დაძაბულობა, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს.

„გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესში არ არის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – წერია 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო ასევე წერს: „ახლა რთული პერიოდია. როგორც საქართველოს მეგობრები, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და მისცენ საქართველოს საშუალება, გააგრძელოს პროცესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“.

რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი