ახალი ამბები

“დამწუხრებული ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის დაცვასაც 23 წელი მოვახმარე” — ესტონეთის ექსპრეზიდენტი

18 თებერვალი, 2021 • 979
“დამწუხრებული ვარ, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის დაცვასაც 23 წელი მოვახმარე” — ესტონეთის ექსპრეზიდენტი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება. ილვესის თქმით, ღრმადაა შეშფოთებული ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, დამწუხრებულია და ნაწილობრივ ზიზღსაც განიცდის იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის ხელშეწყობას და დახმარებას თავისი ცხოვრების 23 წელი მიუძღვნა:

“დიპლომატიური რიტორიკისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად ვარ შეშფოთებული”, ვგულისხმობ, რომ სერიოზულად ვარ დამწუხრებული და ნაწილობრივ ზიზღსაც განვიცდი იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის ხელშეწყობას, დაცვას და დახმარებას 23 წელი მივუძღვენი. ძვირფასო საქართველო, ამაზე უკეთესს იმსახურებ”, — წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი “ტვიტერზე”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილნი იყვნენ პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ “ფიზიკურად დაიცავდენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი