ახალი ამბები

პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17 თებერვალი, 2021 • 857
პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 17 თებერვალს, გაიმართა და კომისიის შექმნას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილება “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა და მის განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების”, “მოქალაქეების” და “ევროპელი სოციალისტების” წევრები ესწრებოდნენ.


საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

რაც შეეხება ამ დროისთვის პარლამენტში მყოფ ორ ოპოზიციურ პარტიას, “ევროპელ სოციალისტებსა” და “მოქალაქეებს”, ცნობილია, რომ “ევროპელი სოციალისტები” კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ.

“მოქალაქეებს” კი თავიანთი წინაპირობა აქვთ. როგორც პარტიის ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აცხადებენ,  საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც, მათგან განსხვავებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდათ.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ თუ კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას აღმოაჩენს,  რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ოპოზიციის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი