პარლამენტში იქმნება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა უახლოეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
“საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ” დადგენილების პროექტი “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა, რომელიც აცხადებს, რომ თუ კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას აღმოაჩენს, რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.
გარდა ამისა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას იღებს, რომ თუ საგამოძიებო კომისია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გადახრას დააფიქსირებს, დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და პოლიტიკურ საქმიანობას სრულად ჩამოშორდება.
საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩასართავად იწვევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, ოპოზიციურ პარტიებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს .
საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებიდან უკვე 3 თვეზე მეტი გავიდა და “ოცნებას” საკმარისი დრო ჰქონდა, რათა ყველაფერი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე გადაესწორებინა.
ოპოზიციის არგუმენტები “ღიმილის მომგვრელია” პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის, რომელმაც ბიუროს სხდომაზე ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თალაკვაძის თქმით, როგორც კი კომისიის საქმიანობა დასრულდება, ჩათვლიან, რომ ეს ბრალდებები უბრალოდ აღარ არსებობს.
რაც შეეხება ამ დროისთვის პარლამენტში მყოფ ორ ოპოზიციურ პარტიას, “ევროპელ სოციალისტებსა” და “მოქალაქეებს”, ცნობილია, რომ “ევროპელი სოციალისტები” კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ. მათი თქმით, თუ კომისიის დასკნის საფუძველზე ახალი არჩევნები დაინიშნება, ამას მიესალმებიან, რადგან ეს ყველაფერს წერტილს დაუსვამს.
“მოქალაქეებს” კი თავიანთი წინაპირობა აქვთ. როგორც პარტიის ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აცხადებენ, საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ამ პროცესში ის ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც, მათგან განსხვავებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდათ.
“ჩვენ არ გვყოლია დამკვირვებლები არჩევნებზე და რთული იქნება, ყველას ნაცვლად იმ მტკიცებულების ტვირთის აწევა, რაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა დაადასტუროს. ჩვენ გვყავდა წარმომადგენლები საბურთალოზე და ვნახეთ, როგორი მასშტაბის იყო დარღვევები და ოქმების გადაწერები. ამას დაემატა ოპოზიციის დანარჩენი პარტიების განცხადებები, რომ ყველგან ასეთი სიტუაცია იყო და არანაირი საფუძველი არ გვქონდა, მათ არ დავუჯეროთ. მაგრამ ვამბობთ, მოდით, ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავამტკიცოთ. ის მტკიცებულებები მოიტანონ, რაც სასამართლოში შეიტანეს და სასამართლომ განხილვაზე უარი თქვა”, — განაცხადა იოსელიანმა.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი, როცა საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე თანხმობას გადაჭრით მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია, “ევროპელი სოციალისტები” აცხადებს, კომისიის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება არასამთავრობო სექტორშიც.
როგორ იქმნება საგამოძიებო კომისია
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული საკითხის შესასწავლად ყალიბდება და მის შესაქმნელად პარლამენტის ერთი მესამედის ანუ 50 ხმაა საჭირო. რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ამასთან, რეგლმანეტი არ განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი წევრი უნდა იყოს დროებით საგამოძიებო კომისიაში. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია — “ქართული ოცნებაა” და 6 უფრაქციო ოპოზიციის წევრია წარმოდგენილი. საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განსაზღვროს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, კვოტებს დაადგენენ უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. ქადაგიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ პარლამენტის დღევანდელი კონფიგურაციიდან გამომდინარე კომისიაში პარლამენტის ექვსივე ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდეს.
“მაინც ასეა, რომ ნახევარი ნახევარზე უნდა იყოს. სულ მცირე, კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ნახევარი მაინც უნდა იყოს. თუ კვოტებს ასე გადავანაწილებთ, კი ბატონო, შესაძლებელია [ექვსივე ოპოზიციონერი ვიხილოთ კომისიაში]. იმ პერიოდამდე ჯერ კიდევ რაღაც პროცედურებია, დრო უნდა. შეიძლება ვიღაც შემოვიდეს პარლამენტში დამატებით”, — ამბობს ქადაგიშვილი.
ბოლო საგამოძიებო კომისია პარლამენტში 2018 წელს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა და მაშინ კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა, მათ შორის 6 -უმრავლესობიდან, 9 წევრი- “ევროპული საქართველოს” ფრაქციიდან, 1 -“პატრიოტთა ალიანსიდან” და 1 დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივნის, ლიკა საჯაიას თქმით, პარლამენტსი დღევანდელი კონფიგურაციიდან გამომდინარე კომისია დიდი ვერ იქნება. თუმცა ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი არა კომისიის წევრების რაოდენობა, არამედ კომისიისადმი საზოგადოებრივი ნდობა იქნება.
“ეს ვერ იქნება დიდი კომისია, იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. თუმცა აქ ალბათ რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საზოგადოების ნდობა. მაშინ ექნება მას შედეგი, თუ მის მიმართ იქნება საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია 10 წევრით იქნება ,15 წევრით თუ 50 პარლამენტის წევრი შევა, უბრალოდ, ეს არ არის გადამწყვეტი”, — ამბობს საჯაია.
წინა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც ოპოზიციის წევრი, სერგი კაპანაძე იყო. თუმცა ჯერ უცნობია, ვინ იქნება არჩევნების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს კომისიის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.
თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი უმრავლესობის წევრი უნდა იყოს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომისია იქმნება 3 თვის ვადით, თუმცა შესაძლებელია ვადის გაგრძელება. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომისიის დასკვნას საბოლოოდ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. მაგალითსთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიეობო კომისიის დასკვნა, რომელმაც კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის, “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ იყო მომზადებული, პარლამენტმა მხოლოდ ცნობად მიიღო, კომისიის ფარგლებში “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ დადგენილებას კი მხარი დაუჭირა.
“კომისია წარმომადგენლობითი უნდა იყოს”
ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს თუ არა აზრი არჩევნების საკითხზე კომისიის შექმნას? როგორც ლიკა საჯაია ამბობს, მნიშნვნელოვანია, რომ პარლამენტმა საბოლოოდ გაიზიაროს კომისიის მოსაზრება, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიას აზრი ყოველთვის აქვს.
ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შექმნილ არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას საზოგადოების ნდობის პრობლემა ექნება, თუ მასში პოლიტიკოსები სრულფასოვნად ჩართული არ იქნებიან. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს კომისია პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს.
“მართალია, ხორავას საქმეზე მხარი არ დაუჭირა კომიტეტმა, მაგრამ ეს სხდომები იყო გამჭვირვალე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რეალურად, კარგად იმუშავა იმ კომისიამ. ცუდი ის იყო, რომ პარლამენტმა მისი დასკვნა არ გაიზიარა. ზოგად ჭრილში რომ შევაფასოთ, საგამოძიებო კომისიების შექმნა კარგია, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი, ბევრ კარგ რამეს იძლევა. ამ შემთხვევაში მთავარი არის ნდობის საკითხი. იგივე ხორავას ქუჩის კომისიას თუ შევადარებთ, იქ გვახსოვს, რომ საზოგადოების როგორი მუხტის საფუძველზე შეიქმნა. იმ კომისიის თავმჯდომარეც ოპოზიციონერი იყო და საკმაოდ მაღალი იყო ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში ამ კომისიას ეს პრობლემა ნამდვილად ექნება, რადგან დღევანდელ მოცემულობაში გამოვა, რომ ოპოზიცია სრულფასოვნად ჩართული არ იქნება პროცესში”, — ამბობს ლიკა საჯაია.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით კი, ოპოზიციისთვის კომისიის შექმნა, იმ პირობით, რასაც “ოცნება” სთავაზობს, “კარგი შანსია, უცბად მიიღონ ის, რაც ასე ძალიან უნდათ” ,— რიგგარეშე არჩევნები.
“მეტი რაღა გინდა, აგერ არის საგამოძიებო კომისია, კანონი ითვალისწინებს, რომ სულ მცირე, ნახევარი მაინც ოპოზიციის უნდა იყოს. ყველანაირი მოქმედების საშუალება გვაქვს, ნებისმიერი ადამიანის დაკითხვის, ნებისმიერი თანამდებობის პირის, ყველანაირი ინფორმაციის გახსნის და მოძიების”, — ამბობს ქადაგიშვილი.
მისივე თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისია არასწორად წარიმართა. თუმცა, ოპოზიციის დასკვნაში ერთ-ერთი რეკომენდაცია მთავარი პროკურატურის მიმართ იყო, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას მიმართ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა “ევროპული საქართველოს” დასკვნას მხარი არ დაუჭირა, მოგვიანებით, 2019 წლის 4 ივნისს,
დააკავეს.“ხორავას ქუჩის კომისიამ ვერ დაადგინა ვერაფერი რეალურად, რომ პროკურატურა ან გამოძიება მიკერძოებული იყო, ან არასწორი გზით მიდიოდა და რისთვის უნდა დაეჭირა პარლამენტს მხარი? აქაც ასე არის, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა ნახოს ამ კომისიამ ყველა იმ მასალიდან, რა მასალასაც ისინი მოიძიებენ, გახსნიან და ა.შ. თუ ვერაფერი ვერ ნახეს და ისე თქვეს, როგორც ახლა ამბობენ, რომ რა აზრი აქვს კომისიის შექმნას, ყველაფერი გადაწერილი არისო, სრულ აბსურდს ლაპარაკობენ. ოქმზე არის მათი კომისიის წევრების ხელმოწერები, არსებობს ვიდეოთვალები. აქ არის მარტივად საქმე. რატომ არ უნდა ოპოზიციას კომისიის შექმნა და კომისიაში შემოსვლა? — იმიტომ, რომ იციან, რომ მათ უსაფუძვლო, აბსოლუტურად ჰაერზე დამყარებული ძახილს, რომ არჩევნები გაყალბდა, ყოველგვარი საფუძველი გამოეცლება. დოკუმენტალურად დამტკიცდება, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა”, — ამბობს ქადაგიშვილი.
კითხვაზე, თუ ოპოზიციის წევრები არ მიიღებენ კომისიაში მონაწილეობას, მაშინ ვინ წარადგენს საარჩევნო დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს და საკმარისი იქნება თუ არა, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერის ჩართულობა, ქადაგიშვილი გვპასუხობს, რომ ოპოზიციის მეტი ჩართულობა “უკეთესია”.
“საკმარისი რა, რაც მეტი იქნება ოპოზიცია, უკეთესია. მაგრამ ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა ამ კომისიის შექმნა, იმიტომ, რომ ამ კომისიის მუშაობით უნდა დამტკიცდეს, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა. ამ ტყუილზე, რაზეც აქვთ დღის წესრიგი აწყობილი, თავისი ხელით ხომ არ იტყვიან, თურმე ტყუილს ვლაპარაკობდიო.
რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეიძლება იყვნენ ამ კომისიაში ექსპერტად ჩართული და ა.შ. დამკვირვებლის ფორმით შეიძლება იყვნენ ჩართული და ა.შ. კომისიის მსვლელობის დროს შეიძლება ნებისმიერი ადამიანის, უწყების, მათ შორის არასამთავრობო სექტორიც შეიძლება იქნას მოწვეული რაღაც ინფორმაციის მისაღებად და ა.შ.”, — ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა გაასმიანა ინიციატივა, რომ საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა.
“ევროპული საქართველოს” წევრ სერგი კაპანაძის თქმით, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, პარლამენტში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ შეთანხმება ახალ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე შედგება. მისი თქმით, ამ შეთანხმების გარეშე”ქართული ოცნების” ყველა დანარჩენი მოწოდება “არაგულწრფელია”.
“რა თქმა უნდა, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ამ საგამოძიებო კომისიის. საგამოძიებო კომისია ზოგადად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მერე [დასკვნას] დამტკიცება სჭირდება პარლამენტის მიერ, აზრს მოკლებულია. ნორმალური ვითარება რომ იყოს და გაყალბებული არჩევნები არ იყოს, ნებისმიერ თემაზე შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ მერე დასკვნის მიღებას უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს, რა ხდება და ნათელი მოჰფინოს ზოგადად ვითარებას. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პარლამენტი არალეგიტიმურია გაყალბების გამო და ზოგადად, მის მუშაობასთან დაკავშირებით არის კითხვები, რა თქმა უნდა, შიგნით შესვლა და მერე საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღება სრულიად გაუმართლებელია”, — ამბობს კაპანაძე.
სერგი კაპანაძისთვის, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყო, “ირონულია” ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი გახდა.
“კარდგად ვიცით, როგორ მონაწილეობდა “ქართული ოცნება” და რა დამოკიდებულება ჰქონდა წინა საგამოძიებო კომისიის მიმართ”, — აცხადებს სერგი კაპანაძე.