პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისია მალე უნდა შეიქმნას.
მისი თქმით, კომისიის მუშაობაში პარლამენტში”პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული ოთხივე დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას.
“თუ 1%-ზე მეტი იქნება ცდომილება, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რაც მისასალმებელია, რომ ყველაფერს წერტილი დაესვას. უფრო მეტიც, პოლიტიკიდან მიდის ბატონი კობახიძე. სანამ “ოცნებამ” ეს პირობა არ გადათქვა, ეს დროზეა გასაკეთებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ და ყველაფერი იქ უნდა ითქვას და დადგინდეს. რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაკომპლექტდეს დროებითი საგამოძიებო კომისია”, — განაცხადა ინჯიამ.
პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასამოწმებლად საგამოძიებო კომისია იქმნება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 11 იანვარს განაცხადა.
მისი თქმით, კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება და მასში ჩაერთვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
მისივე თქმით, ძალაში რჩება პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან თუნდაც 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და კობახიძე, როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება.
არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიეობო კომისია იქმნება — კობახიძე