ახალი ამბები

უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ხუნდაძე დაღუპულ 14 წლის გოგოზე

16 თებერვალი, 2021 • 771
უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ხუნდაძე დაღუპულ 14 წლის გოგოზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგოს საქმეში უპირატესი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

ხუნდაძემ განმარტა, რომ გოგოს სიკვდილზე პასუხისმგებლობა კოლექტიურია, როგორც სკოლის, ასევე ზოგადად საზოგადოების, თუმცა პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი წილი სახელმწიფოზეა.

„არის საკითხები, რომელსაც არ შეიძლება, რომ არ გამოვეხმაურო. უმთავრესად მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულ დასასრულს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება.

რა თქმა უნდა, აქ არის ყველას პასუხისმგებლობა, უპირატესია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და არ გავაკეთეთ ისე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა – სკოლამაც, საზოგადოებამაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – ამბობს ხუნდაძე.

14 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ აქტივისტებმა 100-დღიანი საპროტესტო კამპანია წამოიწყეს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარება და სისტემური ცვლილებებია.

მოთხოვნები ასე ჟღერს:

  1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;
  2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;
  4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე


რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:

[red_box]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი