ახალი ამბები

ნიკა მელია კელი დეგნანს და ალეკო ელისაშვილს კითხვით მიმართავს

16 თებერვალი, 2021 • 870
ნიკა მელია კელი დეგნანს და ალეკო ელისაშვილს კითხვით მიმართავს

“მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ.

მელია პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იმავე გადაწყვეტილებით, რომლითაც ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალებოდა, აკრძალული ჰქონდა საჯარო სიტყვით გამოსვლა და სახლიდან გასვლისას თანხმობა უნდა მიეღო პროკურატურისაგან, თუმცა ამ პირობებს არ ასრულდებდა.

“იმ გადაწყვეტილებას ვარღვევდი იმთავითვე, მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი? მაგრამ ამ ადამიანებს ასე სჩვევიათ — დამოკლეს მახვილებს ჰკიდებენ ადამიანებს, რომ დაიმონონ და დაიმორჩილონ. “ქართულ ოცნებაში” ვინც ჰყავთ, ასე ჰყავთ დამონებული და დამორჩილებული. ვიღაცას ფული აქვს მოპარული, ვიღაც კორუფციაში ჩართულია. ბექა ოდიშარია რომელ სახელმწიფო პრინციპებზე და კანონის უზენაესობაზე მელაპარაკება?! გასვრილია კორუფციაში და რაწამს ნაბიჯს გადადგამს, შეაგდებენ იქ, სადაც ახლა, მათი ჭკუით, უნდათ, მე შევიდე. ჩიგოგიძეები, თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე, ბექა ოდიშარია, ბიძინა ივანიშვილის პატარა მარიონეტები არიან. ბიძინა ივანიშვილი არის სხვისი მონა — გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის. “მატრიოშკაში ხართ” — მონა, მერე პატარა მონა და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები”, – განაცხადა მელიამ.

მან ასევე კითხვით მიმართა “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილს და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს.

“ალეკო ელისაშვილს ვეკითხები, მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, დღეს პროკურორი იქნებოდა ჩემს გასასამართლებლად პარლამენტში? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, იმიტომ, რომ თქვენნაირი მონა ვიქნებოდი უკვე და ნიკა მელიას დაჭერა რაღაში დაგჭირდებოდათ, მაგრამ თავი რომ არ დაგიხარეთ, მასამართლებთ. ე.ი. სწორად მოვიქეცი, რომ არ შემოვედი. მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანსაც — [მოლაპარაკებების] ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი რომ იმართებოდა და გვთხოვდა, ოპოზიცია შევსულიყავით პარლამენტში, დავუშვათ, შევსულიყავით, ანუ მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა, არა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.


საქართველოს პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობს. პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რათა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე ნებართვა მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი