ახალი ამბები

სამოქალაქო პროტესტს კურთხევა არ სჭირდება – აქტივისტის პასუხი მიტროპოლიტს

16 თებერვალი, 2021 • 1650
სამოქალაქო პროტესტს კურთხევა არ სჭირდება – აქტივისტის პასუხი მიტროპოლიტს

“ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აქვთ არჩეული”, – ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მდინარე რიონზე ორი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის შეფასებისას.

მიტროპოლიტის ვრცელ განცხადებას “ნეტგაზეთთან” საუბრისას ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს დაპირისპირებაში შესვლა არავისთან სურთ და კრიტიკის პასუხად მკაფიო განცხადებებს ერიდებიან.

თუმცა აქტივისტი ყველა მხარეს მოუწოდებს, გაეცნონ ჰესების პროექტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს და ისე გაახმიანონ შეფასებები.

“ჯვარი დაპირისპირების საბაბად აქციეს” – რა თქვა მიტროპოლიტმა?

15 თებერვალს მიტროპოლიტმა ფეისბუკზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელიც, როგორც განცხადებაში ჩანს, 9 თებერვალსაა დაწერილი. განცხადებას ჰქვია „ჯვარი – მისი მნიშვნელობა და მის მიმართ დამოკიდებულება“.

განცხადებაში მიტროპოლიტი თავდაპირველად ჯვრის მნიშვნელობაზე საუბრობს და რელიგიურ წყაროებს მიმოიხილავს. შემდეგ კი დასძენს, რომ ჯვარი უფალმა მორჩილებით იტვირთა და არა – პროტესტით.

ნამახვან ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ აქტივისტებმა ჯვარი მიიტანეს, 31 იანვარს კი პოლიციამ აქტივისტთა კარვის დაშლისას ჯვარიც აიღო.

“თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს…

…ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება;

სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა. მათი თხოვნით გელათის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მოვიწვიეთ ეპარქიის სამღვდელოება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიტროპოლიტის თქმით, მოისმინეს “აქტივისტთა ექსპერტების” საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაეგოთ, საფუძვლიანია თუ არა მათი მოსაზრებები მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, ითხოვეს მათგან გეომორფლოგიური მონაცემები რიონის ხეობაში მეწყრული ზონების შესახებ, ასევე, ბოლო ათეული წლის ჰიდროდინამიკური დაკვირვებები და მექვენა-ჟონეთის ზონაში სეისმური აქტივობის ცნობები ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე.

“პასუხად კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ.

ჯვარს ძალა მიეცა არა კაცობრივი პროტესტით, არამედ იესო ქრისტეს ღვაწლით – ძალა ცოდვებისგან ხსნისა, ძალა მოთმინებით და სიმდაბლით ამპარტავნებაზე ძლევისა“, – დასძენს ის.

ამავე განცხადებაში მიტროპოლიტი ამბობს, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში „თვითნებობა იწვევს სექტანტობას“.

“თვითნებობა არის ძალადობა ეკლესიის სამართალზე, მისი იგნორირებაა და დაპირისპირება უფალთან. ხელისუფლების მიერ მოხსნილი ჯვარი მღვდელმთავრის კურთხევით დაიდგმება ეპარქიის კუთვნილ ტერიტორიაზე. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის.

თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა. ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი.

გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ეხლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს.

ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება.

დავმშვიდდეთ, დავფიქრდეთ, სწორი გზა ვიპოვოთ, რაც სათნო იქნება ღვთისათვის“, – ამბობს ის.

“ზოგადად, სამოქალაქო პროტესტს კურთხევა არ სჭირდება”, — აქტივისტის პასუხი

რიონზე ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პეტიციის განხილვა პარლამენტში დღეს, 16 თებერვალს გაიმართა. დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა ადილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანიც, რომელიც ამბობს, რომ სხდომისთვის მზადების გამო ვერ შეძლო მიტროპოლიტის განცხადების სრულყოფილად გაცნობა.

თუმცა,აქტივისტს მსგავს განცხადებებთან დაკავშირებით “ერთი ცალსახა პასუხი” აქვს:

“ჰესთან დაკავშირებით, რასაც ვაპროტესტებთ ყველა დონეზე, გვაქვს კონკრეტული სათქმელები. ვიბრძვით იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს იმის შესახებ, რის გამოც ამდენი დღეა, რიონის ხეობაში ვდგავართ.

ვფიქრობ, ფაქტები უნდა განიხილებოდეს და აქედან უნდა გამოვიდეთ, როცა შეფასებებზეა საუბარი ყველას მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შეფასდეს ფაქტი და ამ ფაქტიდან გამომდინარე გავაკეთოთ განცხადება

სხვას კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი მეუფის განცხადებაზე, რადგან პირადად არ წამიკითხავს. უბრალოდ, მე ვიცი, რომ ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით, ჩვენგან გულწრფელობა და სიმართლე დევს ამ ბრძოლაში”.

“ნეტგაზეთმა” ვარლამ გოლეთიანს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა, რომ აქტივისტების მიერ არჩეული პროტესტის რომელიმე ფორმას, მაგალითად, ადვილზე ჯვრის განთავსებას, სჭირდება თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა რომელიმე ინსტიტუციის კურთხევა. აქტივისტი საპასუხოდ დასძენს:

“ზოგადად, სამოქალაქო პროტესტს კურთხევა, რასაკვირველია, არ სჭირდება. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც იცის. არ მინდა, მკაფიო შეფასებებით გამოვიდე ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჰესის პროტესტი იქნება თუ სხვადასხვა ტიპის პროტესტი, ეს არ არის კურთხევის საგანი. სხვა პასუხს ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ეს არის ჩვენი პოზიცია.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც აინტერესებს ეს ამბავი, გაერკვიონ პროტესტის შინაარსში. ამის საშუალებას ჩვენ ნამდვილად ვიძლევით: მუდმივად საინფორმაციო ტიპის [კამპანიებს] ვაწარმოებთ, ჩვენი ლაივებით თუ სხვა საშუალებებით. ვფიქრობ, ინფორმაცია საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილამდე მეტნაკლებად მიდის. დანარჩენს გამოაჩენს დრო”.


110 დღეა რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, ხეობა დატოვოს კომპანია „ენკა რინიუებლზმა“,  გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

10 თებერვალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ უკანონოდ ახორციელებს.

ვრცლად წაიკითხეთ:

რამდენად კანონიერია ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები

მასალების გადაბეჭდვის წესი