ახალი ამბები

რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეების კარვის შემდეგ მათ მიერ აღმართული ჯვარიც აიღეს

31 იანვარი, 2021 • 1133
რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეების კარვის შემდეგ მათ მიერ აღმართული ჯვარიც აიღეს

რიონის ხეობაში, ნამახვან ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ გაშლილი კარვის დაშლის შემდგ წუხელ ადგილზე მათ მიერ აღმართული ჯვარიც აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრი აქტივისტების ფეისბუკ-გვერდი ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაცვის პოლიციელი აქტივისტებს ეუბნება, რომ ჯვარი მერიის სამსახურმა მოხსნა ადგილიდან და ბაგრატის ტაძარში მიიტანა.

პოლიციამ რიონის ხეობაში, ნამახვან ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ 96 დღის წინ გაშლილი კარავი ძალის გამოყენებით დაშალა.  ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი აქტივისტი დააკავა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც სამართალდაცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოფელ ჟონეთთან, ნამახვანი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მომხდარ მოვლებენს გამოეხმაურა “მწვანე ალტერნატივაც”. ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალის გამოყენება “პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების მიმართ, რომლებიც უკვე 95 დღეა აპროტესტებენ ნამახვან ჰესის მშენებლობას და გაითვალისწინოს მათი სამართლიანი მოთხოვნები”.

“მთავრობის ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება მთავრობის ბოლო დაპირებებს მოსახლეობასთან დიალოგის განახლების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, სოფელ ჟონეთთან მიმდინარე მოვლენებს დღეს, 30 იანვარს, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ მუშაობა კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა.

მინისტრის თქმით, ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროქტია და მას სახელმწიფო მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა მთავრობა ინვესტორს მკაცრ მოთხოვნებს უწესებს.

“ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი