ახალი ამბები

აქცია სხვილოს ციხესთან, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად

13 თებერვალი, 2021 • 612
აქცია სხვილოს ციხესთან, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად

სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ჩავიდნენ.

სხვილოს ციხე ის ადგილია, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ზაზა გახელაძე დაჭრეს და დააკავეს.

“ეს სიმბოლური აქციაა ჩვენი ტყვეების მხარდასაჭერად: იმ ადამიანებისა, რომლებიც ახლა იმყოფებიან ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების ტყვეობაში… ჩვენ აქედან გავაკეთებთ ჩვენს განცხადებებს, გავაგზავნით ჩვენს მესიჯებს ხელისუფლების მიმართ, საზოგადოების მიმართ.

პირველ რიგში საზოგადოება უნდა გავაქტიურდეთ და შემდეგ უკვე ხელისუფლებაც ჩაერთვება აქტიურად იმ ბრძოლაში, რასაც ჩვენი ტყვეების გათავისუფლება ჰქვია”, – თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ, “Qartli.ge”-სთან საუბრისას.

აქციას შეუერთდა რუსი სამხედროების მიერ გასულ წელს დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილიც. მისი თქმით, ასეთ დროს საზოგადოების სოლიდარობა მნიშვნელოვანია ოჯახისათვის.

“ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ გეუფლება სასოწარკვეთილების შეგრძნება. ადამიანების მხარში დგომა და საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. პირიქით, ყველაფერს ცდილობს, მაგრამ მას ჩვენ უნდა გავუმაგროთ ზურგი, რათა იგრძნონ, საზოგადოების მოთხოვნაც არის, რომ არ მოხდეს ასეთი ვანდალური აქტები, როცა შენს მიწაზე გადაადგილდები და ოკუპანტი გიჭერს”, – აღნიშნა მან.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ აქცია გასულ კვირასაც, თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გამართა. აქციაზე აღინიშნა, რომ ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი მოქალაქეები “უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი ხელისუფლების მხრიდან”. ორგანიზატორებმა მთავრობას მოუწოდეს, მეტი იმუშაოს მათ გასათავისუფლებლად.

რა მოხდა

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

ფოტოები “Qartli.ge”-ს ფეისბუქ ლაივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი