ახალი ამბები

ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეტი იმუშაოს მოქალაქეების დასახსნელად ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან

8 თებერვალი, 2021 • 464
ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეტი იმუშაოს მოქალაქეების დასახსნელად ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან

თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს ცხინვალსა და სოხუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ადგილზე შეიკრიბნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა და სხვა აქტივისტები.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხუთივე მოქალაქე უყურადღებოდ არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან”, – თქვა დავით ქაცარავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, ერგნეთის ფორმატის შეხვედრები არაეფექტიანია და დიდი ხანია, არ იმართება, ჟენევის მოლაპარაკებები კი “ძალიან იშვიათ ხასიათს ატარებს”. მას ასევე არაეფექტურად მიაჩნია აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც, ქაცარავას სიტყვებით, “ტყუილი დროის ხარჯვა და ჩაის სმის პროცესია”.

“ეს არის ის ბერკეტები, რომლებზეც საუბრობენ ხელისუფლების წარმოამდგენლები და ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ. ეს არ არის ყველაფერი. ეს არის არაფერი, ეს არის ფორმალობა და ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრა.

არსებობს უამრავი დიპლომატიური ხერხი. პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური, რუსებისთვის სანქციების მოთხოვნა, რასაც თქვენ არ აკეთებთ და, დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ, საზოგადოება, ამას არ გაიძულებთ, ამას არ გააკეთებთ”, – მიმართავს ქაცარავა ხელისუფლებას.

მისი განცხადებით, სოხუმისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად საზოგადოებამ ისევე უნდა იაქტიუროს, როგორც ეს რუსი სამხედროების მიერ წარსულში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მაია ოთინაშვილის შემთხვევაში მოხდა.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

გახელაძესთან ერთად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ციხეებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი